რამაზ სვანაძე სამომავლოდ საქართველოს ეროვნული ნაკრების სათამაშო სისტემის შეცვლას გეგმავს. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მეორე ჯგუფის მეორე ტურში შინ უკრაინასთან 0:0 დასრულებული მატჩის მერე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რამაზ სვანაძე: „ყველას გვინდოდა გამარჯვება. პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო, მეორე ტაიმში ცოტა დაღლა დაგვეტყო, ბევრი პოზიტივი იყო. გვინდოდა მაღალი პრესინგი გვეთამაშა, დაცვაშიც ძალიან კარგად ვითამაშეთ. არ იყო მარტივი უკრაინისნაირ ნაკრებთან ისე თამაში, რომ ჩვენს კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილიყო და ეს მოვახერხეთ.
ყველაზე კარგი ისაა, რომ არსებობს რესურსი და დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დაიხვეწება. გეთანხმებით, რომ უკეთ ვითამაშეთ და გარისკვა შეიძლებოდა, მაგრამ როგორც ვთქვი, დაღლილობაც თავი იჩინა. გარდა ამისა, პირველ თამაშში მარცხის გამო დღეს პოზიტივი ძალიან გვჭირდებოდა.
მეორე ტაიმის ბოლო წუთებში ცენტრიდან რამდენიმე შეტევა მივიღეთ, ამიტომ, რისკს მოვერიდეთ. ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ, არავინ იყო დაცვითი სტილის მოთამაშე. უბრალოდ, ახლა არ გვქონდა დრო იმისთვის, რომ სხვა სისტემა შეგვეთავაზებინა მეტოქისთვის. ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშეთ, ახლა მთავარი იყო პოზიტივი, რაც გარკვეულწილად მივიღეთ და ვეცდებით, მომავალში ქულები მოვიპოვოთ.
როგორც ვთქვი, გუნდი საკმაოდ დაღლილი იყო, ამიტომ, გავაკეთეთ ასეთი ცვლილებები. ბოლო წუთებში უფრო კონტრშეტევების იმედზე ვიყავით, რაც არ გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს თამაშის დინამიკამ მოიტანა. ბურთი უფრო ხშირად რომ გვქონოდა, შემეძლო ბუდუ ზივზივაძის შეყვანაც, მაგრამ მატჩის ბოლო აქცენტის გაკეთება კონტრშეტევებზე მოგვიწია.
გეთანხმებით ამჟამად საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელიც გარემარბებით უნდა თამაშობდეს. თუმცა, ახლა მხოლოდ ერთი დღე მქონდა გუნდის მოსამზადებლად და შედეგისთვის დრო დამჭირდება. დროთა განმავლობაში ჩვენი სათამაშო სისტემა შეიცვლება. სისტემის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, მუშაობით და არა სპონტანურად.
კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე? ყველა გუნდს ჰყავს ერთი-ორი ფეხბურთელი, რომელიც თამაშის შინაარსს ცვლის, ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. ჩვენთვის ორივე უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მოედნის ცენტრი სულ სხვაა, როცა ისინი მოედანზე არიან. თუმცა, გვყავს ფეხბურთელები, რომელთა სწორი გამოყენების შემთხვევაში, ამ ყველაფრის დაბალანსება შეგვიძლია.
მთელი თამაში პრესინგს ვერავინ ითამაშებს, ეს გამორიცხულია. ამას სჭირდება იდეალური ფიზიკური მომზადება. დღეს დაცვის ბლოკი ძალიან მაღლა იდგა, მეტოქეს არცერთი შანსი არ მივეცით. ყველაფერზე მუშაობს დრო სჭირდება, რაც დრო გავა, უფრო მეტი პოზიტივი უნდა მოითხოვოთ. ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ხედვა, შეიძლება ერთი-ორი ფეხბურთელი მე გამომეძახებინა ნაკრებში, მაგრამ მთლიანობაში 95% მაინც იგივე შემადგენლობა იქნებოდა, რაც ახლაა გუნდში“.





