ახალი მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მეორე ჯგუფის მეორე ტურში შინ უკრაინასთან ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა. ჩვენმა გუნდმა უკრაინელებთან მანამდე ჩატარებულ 11 შეხვედრიდან 7 წააგო და 4 ფრედ დაასრულა. სამწუხაროდ, უკრაინა საქართველოს ნაკრებისთვის ისევ „აუღებელ ციხედ“ დარჩა. ცნობისთვის, სვანაძე პირველად ეროვნულ გუნდს 2020 წლის 18 ნოემბერს გაუძღვა, როდესაც დათხოვნილი სლოვაკი ვლადიმირ ვაისი შეცვალა და ის დაპირისპირებაც უგოლოდ დასრულდა.
ჩრ.ირლანდიასთან მატჩთან შედარებით, რომელშიც გუნდი სათამაშოდ ფრანგმა ვილი სანიოლმა გაიყვანა, სვანაძემ სასტარტო შემადგენლობაში სამი ფეხბურთელი შეცვალა.
დაცვის ცენტრში ისევ ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი და საბა გოგლიჩიძე მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგი ოთარ კაკაბაძეს ებარა, ხოლო მარცხენა ამჯერად გიორგი წიტაიშვილის ანდეს.
ნახევარდაცვის ცენტრში ისევ დაბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძის და ოთარ კიტეიშვილის დუეტი, რომელთაც მხარს გიორგი ქოჩორაშვილი უბამდა. შეტევაში გიორგი მიქაუტაძე და ხვჩა კვარაცხელია თამაშობდნენ.
მატჩის მე-3 წუთზე კვარაცხელიამ მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა ბურთი და იერიში წამოიწყო, რომელიც კიტეიშვილის მისამართით გაკეთებული პასით გაგრძელდა, ხოლო ოთარმა დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ ტრუბინმა დამაჯერებლად ითამაშა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში უკრაინელთა მწვავე შეტევა მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა პონომარენკომ დაასრულა, რომლის დარტყმული კარს მცირე მანძილით აცდა. მე-15 წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი კარს გადაცდა.
ხუ წუთში კვარაცხელიამ ჯარიმიდან საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც უკრაინელმა მცველმა მოიგერია, ჩაკვეტაძემ კი თითქმის საჯარიმოს ხაზიდან მიწაზე დაუშვებლად კარში გაგზავნა და ტრუბინმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას ნახტომაში გადაარჩინა. კუთხურის ჩაწოდების მერე, უკრაინელი ფეხბურთელის თავიდან გოგლიჩიძეს მიუვიდა, რომელმაც ასევე თავით კარს ააცილა.
ტაიმის შუაწელში ჩაკვეტაძემ მოსინჯა ტრუბინის მზადყოფნა 22-23 მეტრიდან და უკრაინელთა მეკარეს ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია. 37-ე წუთზე კიტეიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს გადაცდა. ტაიმის ბოლო წუთზე უკრაინელებმა ჩვენს საჯარიმოში გაითამაშეს ბურთი და ზუბკოვის დარტყმული მამარდაშვილმა გაანიეტრალა.
62-ე წუთზე კიტეიშვილმა უკრაინელთა ნახევარზე მოიპოვა ბურთი და კვარაცხელიას მიაწოდა, რომლის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა. ამ ეპიზოდან ცოტა ხანში მიქაუტაძემ სტუმართა ნახევარზე ჩაკვეტაძე მოძებნა, რომელსაც ბურთი კარგად რომ მიეღო მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა, საბოლოოდ გიორგი პასი საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ კვარაცხელიას გადააწოდა, რომელსაც მახვილი კუთხიდან ტრუბინმა არ გაატანინა. მატჩის მიწურულს კვარაცხელიამ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ტრუბინი ბურთს დაეუფლა. უკრაინელებს შესვენების შემდეგ, ჩვენს კართან მინიმალური ხიფათიც არ შეუქმნიათ და ეტყოოდათ, რომ ქულითაც კმაყოფილი იყვნენ.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთთან ჩაატარებს.
საქართველო – უკრაინა 0:0
28 სექტემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო: მამარდაშვილი, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (იეგოიანი 90), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 73), წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე (კვერნაძე 67).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
უკრაინა: ტრუბინი, ბონდარი, სარაპი, მიხაივკო, ზუბკოვი (ციგანკოვი 79), პიხალონიკი (ოჩერეტკო 46), ხლანი (შაპარენკო 65), ნაზარინა, მიხაილიჩენკო, ვანატი (სიკანი 46), პონომარენკო (იარემჩუკი 46).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეა მალდერა.
გაფრთხილება: ვანატი (17), სიკანი (46), გოგლიჩიძე (55), ბონდარი (75), მექვაბიშვილი (81), ოჩერეტკო (90),
მთავარი მსაჯი: ალიარ აგაევი (აზერბაიჯანი)
ლაშა თაბაგარი





