დათო ყიფიანის სახელობის საერთაშორისო ფონდის ყოველთვიური სპორტული
ჟურნალი “ათიანი”, ონლაინ-ჟურნალი და ვებ-გვერდი “atiani.ge”
ჟურნალ “ათიანის” პირველი ნომერი გამოიცა 2003 წლის იანვარში. “ათიანი” ერთადერთი სპორტული ჟურნალია, რომელიც დღეს წარმოდგენილია ქართულ მედია-ბაზარზე.
ჟურნალი “ათიანი” პროფესიონალი და ნიჭიერი ავტორების გამორჩეული და შინაარსიანი ჟურნალია, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფეხბურთის, კალათბურთის და რაგბის სიახლეებს და კომენტარებს, განსხვავებული ხედვის სტატიებს, მოვლენათა აღწერის მაღალი ხარისხით.
“ათიანის” ავტორთა ნაკრები “ოლ სტარის” პრინციპითაა შერჩეული. ავტორებს: გიო ახვლედიანს (აკა მორჩილაძეს), ილია ბაბუნაშვილს, ბიძინა ბარათაშვილს, ვასო ბალახაძეს, გიორგი გორგოძეს, კოტე გოგიშვილს, დათო კოვზირიძეს, გოჩა კაჭარავას, ზურა თალაკვაძეს, ვაჟა სიმონიშვილს, დათო ტურაშვილს საავტორო გვერდები აქვთ დათმობილი და atiani.ge-ს ბლოგერები არიან.
“ათიანის” მკითხველთა ერთგული აუდიტორიის ცოდნა დაგვეხმარა ჟურნალის კონცეფციის, სტრუქტურის, მისი რუბრიკების უკეთ შერჩევის საქმეში. ჩვენი მკითხველი საზოგადოების კრიტიკულად მოაზროვნე, ერუდირებული, წარმატებული, მომთხოვნი და აქტიური ნაწილია.
ჟურნალში წარმოდგენილია მუდმივი რუბრიკები:
“საუბრები “ათიანში” – რუბრიკა, რომელიც ასახავს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას და ერთგვარი მცდელობაა იმ გულშემატკივრობის რეანიმირებისა, რაც ლეგენდარულ ვერისბაღელებს ჰქონდათ. ამ რუბრიკაში გულშემატკივრის, სპეციალისტების და მედიის აზრი შევაჯერეთ;
“თავისუფალი თემა” – “ათიანის” ბლოგერების საავტორო რუბრიკაა;
“დიდი ათიანები” – წერილები რჩეულებზე – მსოფლიო ფეხბურთის დიდ ათიანებზე;
“Pro-ფ(ა)ილი” – ცნობილ სპორტსმენთა პორტრეტები;
“უმადური პროფესია” – ცნობილი მწვრთნელები და მათი საქმიანობა;
კალათბურთი – ქართული და მსოფლიო კალათბურთის შესახებ;
“რაგბი ჩვენი თამაშია!” – ქართული და მსოფლიო რაგბის მიმოხილვა;
“მზე შინა და…” – საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვა;
Zoom – მსოფლიო სპორტის სიახლენი საინტერესო თვალთახედვით;
ამ და სხვა რუბრიკებს უკვე 15 წელია თავისი ერთგული მკითხველი ჰყავს.