1922 წელს გამოცემულ ჟურნალ „შევარდენში“ ვხვდებით საინტერესო
პუბლიკაციას ფეხბურთის შესახებ, სათაურით „ფეხბურთი ტფილისში“
(საქართველოს „შევარდენთა კავშირის“ ჟურნალი). გთავაზობთ ამინარიდს:
ვინც ერთხელ ჩაებმება ფეხბურთის თამაშობაში, ის ძნელად ტოვებს მას, იმდენად მიმზიდველია იგი როგორც თავის შეჯიბრებითი ხასიათით, აგრეთვე იმ სიამოვნებით, რომელსაც გრძნობს ადამიანი კუნთების გაშლა-გამოშლის და სისხლის აჩქარებული მოძრაობით მთელს სხეულში.
დასავლეთ ევროპაში ყველას იტაცებს ეს თამაშობა: ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანშიშესული – ყველა თამაშობს ფეხბურთს. ჩვენში კი ეკონომიკური კრიზისების გამო ვერვინ შოულობს თავისუფალ დროს ფეხბურთისთვის და ეს გასართობიც, განსაკუთრებით მოზარდებისა, ვერ აღწევს თავისთვის დიდ გასაქანს – ყველანი თავის ფიზიკური არსებობისთვის მატერიალურ პირობათა გაუმჯობესებაში არიან გართულნი.
სწორედ ამიტომ, პროვინციაში, სადაც ცხოვრების პირობები უკეთესია, უფრო მაგარ ნიადაგზე დგას ფეხბურთი, ვიდრე ტფილისში. აქ ვერ შესდგა ორი ისეთი გუნდი, რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდა და ამით თამაშობის ხარისხი გაეუმჯობესებინა. მთელი შემოდგომა და ზამთარიც თითქმის გასულია; მარტო სამი შეჯიბრება ჰქონდა ტფილისის „შევარდენის“ ფეხბურთის გუნდს…
არადა, საფეხბურთო შეჯიბრებას ექმნება დიდი მნიშვნელობა, რადგან ბევრს მაყურებელს გაუღვიძებს სურვილს თვითონაც მიიღოს მონაწილეობა თამაშობაში, რაც მეტ ახალგაზრდობას გაჯანსაღების გზაზე დააყენებს და მასთანვე უბრალო ხეტიალსაც გადააჩვევს.
ქართველ შევარდენთა კავშირის ჟურნალი
“შევარდენი” – ტფილისი, 1922 წელი
მოძიებული პუბლიკაციის დაბეჭდვიდან 95 წელი გავიდა, მაგრამ დღეს ბევრი რამ 1922 წლის სიტუაციას გვახსენებს, რომ არ ვიცოდეთ, რამდენი წლის წინათაა დაბეჭდილი, შეიძლება დღევანდელი გვეგონოს.