კიტეიშვილი: “იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითისკენ შეიცვლება”

0
1

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილს ეიმედება, რომ მთავარ მწვრთნელად რამაზ სვანაძის დანიშვნის შემდეგ, ყველაფერი დადებითისკენ შეიცვლება.  მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უკრაინასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოთარ კიტეიშვილი: “პირველ ყოვლისა, ვისარგებლებ შესაძლებლობით და დიდ მადლობას გადავუხდი ვილი სანიოლს იმისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ეს გზა ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევით — ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და თამაშით დაგვირგვინდა. უბრალოდ, გარკვეული შედეგები, რომლებიც ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ დაფიქსირდა, არ იყო შესაბამისი. თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთში გუნდი იგებს და გუნდი აგებს. ჩვენც, ფეხბურთელებს, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გააზრებული გვაქვს და ამას ვაცნობიერებთ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრებში, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ყველაფერი დადებითისკენ შეიცვლება.
გულშემატკივარს ერთადერთ რამეს ვპირდები – პირადად მე და ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ხვალ მოედანზე გავა, ყოველთვის ცდილობს ბოლომდე დაიხარჯოს და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს. ამას მე და ეს ნაკრები ყოველთვის ვცდილობთ. უბრალოდ, შეიძლება, ეს მოედანზე გარკვეულ მომენტებში სხვანაირად გამოიხატოს. ხვალინდელ შეხვედრაში კი დარწმუნებული იყავით, რომ იგრძნობთ იმ მუხტს, რომელიც გვაქვს, იმ სიყვარულს, რომელიც ამ გუნდსა და ნაკრებს ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ აქვს.
11 თამაშია, უკრაინასთან გამარჯვება არ გვქონია. პირადად მე რაც მახსოვს, უკრაინის ნაკრებთან ორი თამაში მაქვს ჩატარებული. იმ ფორმაციის უკრაინის ნაკრებს დღევანდელ გუნდს თუ შევადარებთ, საკმაოდ ბევრი ცვლილებაა. ამიტომ, ახლა გვიწევს თამაში უკრაინის ნაკრებთან, რომელიც ხვალ ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ”.
საქართველო – უკრაინის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი მატჩი 25 სექტემბერს შინ ჩრ.ირლანდიასთან 0:1 წააგო, რის შემდეგ ფრანგი ვილი სანიოლი თანამდებობიდან დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი