საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის თქმით, ყველა გამოწვევისთვის მზადაა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უკრაინასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა. სვანაძე მედიას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა წარუდგინა.
ალექსანდრე იაშვილი: “პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვილი სანიოლს გაწეული სამუშაოსთვის. ის არის პირველი მწვრთნელი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ ევროპის ჩემპიონატის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი წარმატება იყო ჩვენი ქვეყნისთვის და მისი როლი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩვენი ნაკრების განვითარებისა და წინსვლისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ.
რაც შეეხება რამაზ სვანაძეს, ყოველთვის დარწმუნებული ვიყავით, რომ ოდესმე ის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე, ისტორიულ შედეგს მიაღწია – ორჯერ ითამაშა ახალგაზრდული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე. მას ძალიან დიდი როლი აქვს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებასა და წინსვლაში და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ რამაზ სვანაძე სამი თამაშისთვის არ მოსულა. ჩვენ მასთან ხელშეკრულება 2028 წლის ბოლომდე გვაქვს. დარწმუნებული ვართ მის წარმატებაში, მის შესაძლებლობებში და გვჯერა, რომ ჩვენი მიზანი – ევროპის ჩემპიონატზე თამაში – რეალურია. დარწმუნებული ვართ, რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს აქვს რეალური შანსი, ამ რთულ მისიას წარმატებით გაართვას თავი და ყველამ ერთად ვიზეიმოთ ეს”.
რამაზ სვანაძე: “პირველ ყოვლისა, მსურს, ვილი სანიოლს გადავუხადო მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა. ასევე იმისთვის, რომ პირადად მე ძალიან ხშირად მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ეროვნულ ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი. მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ასევე მინდა ფეხბურთის ფედერაციას გადავუხადო მადლობა იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ ყოველთვის იყო და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება. ეს ნდობა შემთხვევით არ მოსულა, რადგან ძალიან დიდი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი.
საფეხბურთო სამყაროში არსებობენ დიდი ფეხბურთელები, რომლებისთვისაც შედარებით მარტივია ამა თუ იმ პოზიციაზე მოხვედრა. ეს ყველამ ვიცით და ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება — ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. პირადად ძალიან რთული გზა გავიარე, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ასაკობრივი ნაკრებები და დამთავრებული ორი ევროპის ჩემპიონატით.
უახლოეს მატჩებში ველოდები, რომ გვექნება სწორი რეაქცია და სწორი ემოცია იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. ვგულისხმობ იმას, რომ, სამწუხაროდ, პირველი თამაში მარცხით დავიწყეთ და ახლა ყველაფერი მიმართული იქნება ამის გამოსწორებისკენ.
რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ორი მწვრთნელი დღეს ჩემთან ერთად არის — გიორგი დეკანოსიძე, ჩემი ასისტენტი, და გონდო გოცირიძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბის დაკომპლექტება ჯერ დასრულებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე თავიდან ბოლომდე მოახლოებულ თამაშებზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი სამწვრთნელო შტაბის მთავარი გეგმა იქნება სტაბილურობის მიღწევა — სტაბილურობის, რომელიც აისახება როგორც საფეხბურთო ხარისხში, ისე შედეგებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი ამ წუთას სწორედ ეს არის — მივაღწიოთ სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი გზაა, თუმცა მჯერა, რომ სწორი მიდგომებისა და სწორად მუშაობის შემთხვევაში ეს ყველაფერი მიღწევადია.
ასევე მინდა მივმართო მაყურებელს. არაერთხელ, პირადად მიგრძნია მათი მხარდაჭერა. ვიცი, რამდენად რთულია ქართველისთვის იყოს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ეს არ არის იგივე მდგომარეობა, რაც აქვს, მაგალითად, უცხოელს, რომელიც სხვა ქვეყანაში მუშაობს. მაგრამ ასევე ვიცი, თუ რა შეუძლია ქართველ ქომაგს, როდესაც ის ერთიანია. ამიტომ, ხვალ იმ ერთიანობასა და მხარდაჭერას ველი. 11 წელია, ქართველი არ ყოფილა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მე ამით ამაყი ვარ, თუმცა, ამავე დროს, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მინდა, რომ ამ საქმეში ყველანი ერთიანები ვიყოთ, ერთად ვიყოთ.
ყოველთვის იქნება ისეთი მომენტი, როდესაც სადღაც რაღაც გაგვიჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ყოფნისა და ერთიანობის პირობებში ეს ყველაფერი მიღწევადია და ჩვენ ისევ გავახარებთ ქომაგებს, როგორც მაშინ გავახარეთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატზე გავედით”.
საქართველოს – უკრაინის მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი მატჩი 25 სექტემბერს შინ ჩრ.ირლანდიასთან 0:1 წააგო, რის შემდეგ ფრანგი ვილი სანიოლი თანამდებობიდან დაითხოვეს/
ლაშა თაბაგარი





