ხვიჩა კვარაცხელია: “წაგებაზე მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას”

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ თანაგუნდელებთან ერთად ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ჩრ.ირლანდიასთან საშინაო მარცზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
ხვიჩა კვარაცხელია “რა თქმა უნდა, დღევანდელ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებთ, მაგრამ თავის ჩამოშვების დრო ნამდვილად არაა. წინა ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ ისე ვერ დავასრულეთ, როგორც გვსურდა.
შეიძლება, ეს გამოცდილება უკეთ გამოვიყენოთ. მივხვდეთ, რა არის ჩვენი მინუსები, გავაანალიზოთ და შემდეგ თამაშზე მოსაგებად გავიდეთ. მით უმეტეს, უკრაინასთან შეხვედრაში  გულშემატკივრები ჩვენ გვერდით იქნებიან და ალბათ, ეს ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.
დღევანდელ წაგებაზე მთლიანად ვიღებთ პასუხისმგებლობას. ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რომელიც გვსურდა. ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. პირადად მე ვერ გამოვიყენე თერთმეტმეტრიანი, რისთვისაც ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ეს ხდება, ფეხბურთია, მაგრამ ვეცდები, შემდეგ თამაშში ეს შეცდომა გამოვასწორო.
მადლობას ვეტყვი გულშემატკივრებს, ძალიან კარგი ატმოსფერო შექმნეს. ჰიმნის დროს პირველად ვიგრძენი ასეთი მუხტი. იმდენად ხმამაღლა მღეროდნენ, თითქოს გულშემატკივრები დაბრუნდნენ. სამწუხაროდ, მათთვის ბედნიერი დღის ჩუქება ვერ შევძელით და იმედი მაქვს, შემდეგ თამაშში ყველაფერს გამოვასწორებთ და ამჯერად უკვე ბედნიერები წავლენ სახლში”.
ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე შეხვედრას 28 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 28 სექტემბერს ჩაატარებს უკრაინასთან, რომელმაც სტუმრად უნგრეთს 1:0 აჯობა.
ლაშა თაბაგარი