გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მეორე გოლი გაიტანა და გუნდის მთავარ მწვრთნელ ინიგო მარტინესს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ სათადარიგო სკამზე დასასმელი ფეხბურთელი არაა.
მე-7 ტურში „ვილიარეალმა“ შინ „ლევანტე“ 3:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ზედიზედ მეორე მატჩში სასტარტოში არ დააყენეს, მაგრამ შეცვლაზე შესულმა მცირე დროში აჩვენა თავისი მაღალი დონე.
მატჩის 41-ე წუთზე მოლეიროს გადაცემის მერე, ანგარიში აიოსო პერესმა გახსნა. 42-ე წუთზე სტუმართა შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ტოლიანმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და რომერომ საუცხოო „მაკრატელათი“ საპასუხო ბურთი გაიტანა.
54-ე წუთზე აკომაჩიმ ქუსლით ბურთი „ლევანტეს“ საჯარიმოში მოლეიროს გადააწოდა, რომელმაც „ვილიარეალი“ მეორედ დააწინაურა. მიქაუტაძე თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო და მოლეიროს პასის მერე, მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. შეხვედრისთვის დამატებულ დროში მიქაუტაძე „ლევანტეს“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ორ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
„ვილიარეალმა“ ზედიზედ ორი თამაში მოიგო და 8 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.
ლაშა თაბაგარი





