ბათუმის „დინამოს“ გალიდერდა

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და დაძაბულ ორთაბრძოლაში ბოლო წუთზე დაამარცხა – 3:2.
მატჩის 23-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში სერბ ფორვარდ კომნენ ანდრიჩს გაუკეთა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ნოდარ ლომინაძემ ქუთაისელთა საჯარიმოდან არ მოიგერია ბურთი, რომელიც საბოლოოდ თორნიკე კირკიტაძეს დარჩა, ეს უკანასკნელი მცველს გაექცა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა. მე-40 წუთზე სანდრო ალთუნაშვილი დაშავდა და გურამ ჯაფარიძემ შეცვალა.
51-ე წუთზე ლუკა ლაკვეხელიანი თავის ნახევარზე ბურთზე „დატრიალდა“ და ისე გაცდა მეტოქეს, რის შემდეგ საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ ჯაფარიძე გაიყვანა, რომელმაც ბათუმელები დააწინაურა. 59-ე წუთზე ლაკვეხელიანის გადაცემის მერე კირკიტაძე მეკარესთან მარტო რჩებოდა და საჯარიმოს წინ ბულგარელმა მცველმა მატეო სტამატოვმა წააქცია, რომელმაც ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი მიიღო.
ამის შემდეგ, ორჯერ ნიდერლანდელმა იმრანმა ვერ გაიტანა – ჯერ მეკარესთან პირისპირ დარჩენილს ფეხით იმრანმა აუღო, ხოლო რამდენიმე წუთში თავით ბურთი ხარიხას მოახვედრა.
კაცნაკლულმა „ტორპედომ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – „დინამოს“ ნახევარზე მყოფმა ფრანგმა ვირჟილ პინსონმა მარცხენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც ბურთი მამუკა კობახიძეს გადაცდა, ხოლო დიეგო დეისაძემ თავით შეაგდო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე მაურიდესმა პასი მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილ ჯაფარიძეს მისცა, რომლის ჩაწოდების მერე, მეკარე ოთო გოშაძემ ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც იმრანმა ერთი შეხებით კარის ბადეში გაახვია.
ბათუმის „დინამო“ 47 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედოს“ 36 ქულა აქვს და მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი