დიდი გამარჯვება მანუჩარ მარკოიშვილისთვის. სეზონი ქართველმა მწვრთნელმა საფრანგეთის ჩემპიონობით დახურა! ფინალური სერიის მე-5, გადამწვეტ მატჩში მისმა გაწვრთნილმა მონაკომ სტუმრად, პარიზში, ამ ქალაქის სახელით მოასპარეზე გუნდი დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს – ჩემპიონობას დაეპატრონა.
ამ ამბავს მარკოიშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2025/2026 წლების სეზონის შუაწელში, მას შემდეგ რაც ვასილის სპანულისმა „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ფრანგული გრანდი დროებითი უთავკაცობის პერიოდში აღმოჩნდა. სანამ კლუბის ხელმძღვანელობა ახალი სტრატეგიული დამრიგებლის ძიებით იყო დაკავებული, გუნდის მართვის სადავეები სამწვრთნელო შტაბის წევრს, მანუჩარ მარკოიშვილს მიანდვეს და ეს შანსი ქართველმა სპეციალისტმა ფენომენალურად გამოიყენა.
ევროლიგაზე მოპოვებული შთამბეჭდავი, ზედიზედ გამარჯვებების სერიის შემდეგ, კლუბის მესვეურებმა ახალი მწვრთნელის ძებნა საერთოდ შეწყვიტეს — დღის წესრიგიდან მოიხსნა მარკოიშვილის ჩანაცვლების საკითხი და „მანუმ“ ხელმძღვანელობისგან სრული, უპირობო ნდობა დაიმსახურა.
ქართველი მწვრთნელის წინამძღოლობით, გუნდმა ჯერ ევროლიგის ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა, შემდეგ საფრანგეთის თასს დაეუფლა, დღეს კი ამ დაუჯერებელ სეზონს დიდებული წერტილი დაუსვა. საფრანგეთის ჩემპიონატის (LNB) ფინალური სერიის გადამწყვეტ, დრამატულ მატჩში „მონაკომ“ სტუმრად „პარიზი“ 101:92 დაამარცხა და საჩემპიონო ტიტული მოიპოვა!
|მანუჩარ მარკოიშვილისთვის ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული, დაუვიწყარი და ტრიუმფალური სეზონი, რომლითაც მან ევროპულ საკალათბურთო ელიტაში და სამწვრთნელო წრეებში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა!





