ლუკა ნარსია: “ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა“

0
2

საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე, თბილისში მოთამაშე ა და გ ჯგუფებში მოთამაშე გუნდების კაპიტნებმა, ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.
„ძალიან რთული და ამავდროულად, ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. თავს კარგად ვგრძნობთ. ახალ ზელანდიასთან მოგება დაგვეხმარება, რომ ჩემპიონატის თამაშებში თავდაჯერებული გავიდეთ. ჩვენი მიზანი ამ ტურნირზე ისტორიის დაწერაა – ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
„საქართველოში ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა დიდი პატივია და ამით ყველა ბედნიერი ვართ. ერთი სული გვაქვს როდის დადგება გახსნის დღე და ვითამაშებთ პირველ თამაშს“ – განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანმა ლუკა ნარსიამ.
ჩვენმა 20-წლამდელთა ნაკრებმა 22 ივნისს „ჯუნიორ ოლ ბლექსს“ ბოლო გასახურებელ მატჩში 22:19 აჯობა. ეს იყო პირველი, ისტორიული გამარჯვება ახალ ზელანდიასთან ნებისმიერი ფორმაციის ნაკრებში.
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო მეორედ მასპინძლობს (პირველად 2017 წელს). თბილისსა და ქუთაისში ჯამში 40 თამაში (20-20) გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები ა ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან მოხვდნენ. 27 ივნისს, პირველ ტურში, ვიტო კოლელიშვილის შეგირდები „ავჭალაზე“ უელსს შეერკინებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
rugby.ge