რონალდინიო „რავენაში“ ითამაშებს

0
1

ლეგენდარულმა ბრაზილილმა შემტევმა ნახევარმცველმა რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა განაახლა და „რავენაში“ ითამაშებს, რის შესახებ იტალიის სერია С-ში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექსფეხბურთელის პრეზენტაცია „რავენას“ მოთამაშის რანგში მაიამიში შედგა. ის ახალ გუნდში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.
„რონალდინიო ბავშვობაში ჩემი კერპი იყო და ფეხბურთზე მისი გავლენა მოედნის ფარგლებს ცდება. იმედია, ის გულშემატკივრების ახალ თაობას შთააგონებს“ – განაცხადა „რავენას“ მფლობელმა ინიაციო ჩიპრიანიმ.
46 წლის რონალდინიოს 2015 წლის შემდეგ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. ბრაზილიელმა მიზნად დაისახა, რომ პროფესიონალურ კარიერაში თავისი ბოლო გოლი „რავენას“ მაისურით გაიტანოს.
ის ბოლოს სამშობლოში „ფლუმინენსეს“ ღირსებას იცავდა. მანამდე, „კერეტაროში“, „ატლეტიკო მინეიროში“, „ფლამენგოში“, პსჟ-ში, „ბარსელონაში“, „მილანში“ და „გრემიოში“ გამოდიოდა. მან საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 699 მატჩში 266 გოლი გაიტანა.
რონალდინიომ 1999-2013 წლებში ბრაზილიის ნაკრების ღირსება 97-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარი 33-ჯერ აიღო. მან 2002 წელს ბრაზილიელებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
რონალდინიომ „ბარსელონას“ მაისურით ორჯერ ესპანეთის ლა ლიგაში გაიმარჯვა, ამდენჯერვე ესპანეთის სუპერთასს დაეუფლა, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ის „მილანთან“ ერთად იტალიის სერია A-ში გაჩემპიონდა, ხოლო „ატლეტიკო მინეიროში“ კოპა ლიბერტადორესი მოიგო.
ლაშა თაბაგარი