„გაგრა“ შესვენებაზე წაუგებელი სერიით გავიდა

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ბოლო მატჩში სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილი „გაგრა“ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
მატჩის მე-13 წუთზე სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი უკრაინელი ანდრეი ანდრეიჩუკი ბრაზილიელმა მცველმა პაბულუ რიანმა წააქცია და მთავარმა მსაჯმა ბექა კუნჭულიამ პენალტი დანიშნა. გაგრელთა კაპიტანმა მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და მეკარე ლუკა კუტალაძემ ბურთი მოიგერია.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „გაგრამ“ ზედიზედ 5 თამაში არ წააგო (3 გამარჯვება და 2 ფრე) – 22 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალს“ 25 ქულა აქვს და მეშვიდეა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტური 8 აგვისტოს ჩატარდება.

ლაშა თაბაგარი