უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ თბილისის „იბერიაში“ პირველი თამაში აუტსაიდერ ტყიბულის „მეშახტესთან“ მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ლადო ბურდულის გაწვრთნილ გუნდს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა „იბერიას“ თავდამსხმელ ამირან ძაგანიას შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შესვენებამდე მატჩის მთავარმა მსაჯმა აკაკი ფარჯიკიამ თბილისელთა კარში თავდაპირველად პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ზე ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ მასპინძელთა ფეხბურთელს ბურთი ხელში კი არა, არამედ, მხარში მოხვდა.
51-ე წუთზე თბილისელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, რადგან ვახო ბედოშვილმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა.
59-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა „მეშახტეს“ საჯარიმოში გახსნილი ნიკოლოზ დადიანი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0.
63-ე წუთზე „იბერიას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი მათე კვირკვია წააქცია ანდრია ბართიშვილმა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დადო. ბართიშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე პენალტი „აიკიდა“. ტყიბულელებიდან ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გაათანაბრა.
69-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს, გიორგი კუციამ ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ლუქსემბურგელმა მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა თავით გამარჯვების გოლი გაიტანა – 2:1. „იბერიამ“ თამაში 9 კაცით დაასრულა, რადგან 83-ე წუთზე ღუდუშაური უხეშობისთვის მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და შესაბამისად გააძევა.
„იბერიას“ 34 ქულა აქვს და ერთტურიანი პაუზის შემდეგ, 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. „მეშახტეს“ 11 ქულა დარჩა და ბოლოა.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მომდევნო ტური 8 აგვისტოს ჩატარდება. თუმცა, „იბერია“ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასზე ასპარეზობს, სადაც ნახევარფინალში 27 ივნისს „მიხეილ მესხზე“ თბილისის „დინამოს“ მიიღებს. მეორე ნახევარფინალში გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





