საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში მეორე ამხანაგური მატჩი „მიხელ მესხზე“ ბაჰრეინთან ჩაატარა და 2 ივნისს იმავე არენაზე გამართულ რუმინეთთან (1:1) დაპირისპირებისგან განსხვავებით, გაიმარჯვა,
ვილი სანიოლმა „ვლახებთან“ თამაშისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელი შეცვალა. კერძოდ, პირველი წუთიდან მოედანზე მეკრე ლუკა გუგეშაშვილი, ცენტრალური მცველი ილია ბერიაშვილი, მარცხენა მცველი საბა ხარებაშვილი, გარემარბი საბა ლობჟანიძე, ცენტრალური ნახევარმცველი ირაკლი ეგოიანი და გუნდის ახალი კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იმყოფებოდნენ.
გიორგი ჩაკვეტაძე თანაგუნდელებს რუმინელებთან თამაშში მიღებული ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, ხოლო გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მცირე დაზიანებების გამო, შეკრებაზე არ ჩამოსულან.
შეხვედრის მე-14 წუთზე ქოჩორაშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა და ბურთი კარს გადაცდა. მე-20 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა ლობჟანიძემ კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც პასი ხარებაშვილს მისცა, ამ უკანასკნელის დარტყმული ბურთი კი მცველს ფეხზე შეეხო და კარს მცირე მანძილით აცდა. 24-ე წუთზე ბაჰრეინელები სტანდარტულს ასრულებდნენ და ჩვენს საჯარიმოში გოგლიჩიძემ საადთან იკინკლავა – თანგუნდელს ბერიაშვილი გამოექომაგა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
34-ე წუთზე ქოჩორაშვილმა „კედელი“ ეგოიანთან გაითამაშა და 22-23 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ მეკარე ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა.
ამ ეპიზოდიდან ხუთ წუთში მარჯვენა ფრთიდან ლობჟანიძემ საჯარიმოში ჩააწოდა და კიტეიშვილის თავურის მერე, სტუმრები გოლის გაშვებას მეკარემ გადაარჩინა. ტაიმის ბოლოს ჩვენი გუნდის შეტევა კიტეიშვილმა კარის ხაზიდან სუსტი დარტყმი დაასრულა და აზიელთა მეკარეს ბურთი დაჭერა არ გაჭირვებია.
52-ე წუთზე კიტეიშვილმა ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ ლოჩოშვილს, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0. 58-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კარგი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც საჯარიმოში ლობჟანიძის გადაცემით და კვარაცხელიას თავურით დასრულდა, თუმცა ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
75-ე წუთზე ბაჰრეინის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი გიორგი კვერნაძე მცველმა წააქცია და მსაჯმა სტუმარი ფეხბურთელების დიდი პროტესტის მიუხედავად პენალტი დანიშნა. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და სანაკრებო კარიერაში გატანილი 23 გოლით მიქაუტაძეს გაუტოლდა. ორივე ჩვენი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ შოთა არველაძეს სამ-სამი ბურთით ჩამორჩება.
77-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს კვარაცხელიამ სტუმართა საჯარიმოში კარგ პოზიციაზე კვერნაძე გაიყვანა, რომელმაც ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. 81-ე წუთზე გუგეშაშვილის ნაცვლად თამაშში დავით კერესელიძე ჩაერთო, რომელსაც დებიუტი ჰქონდა. გუგეშაშვილმა შეცვლა გააპროტესტა და მოედნიდან გასულს ვილი სანიოლი გაესაუბრა. თამაშის მიწურულს კვარაცხელიამ გოლი გატანა მოედნის ცენტრიდან მოინდომა, რაც საბოლოოდ არ გამოუვიდა.
საქართველოს ნაკრების განრიგი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგაში მე-2 ჯგუფში ასეთია:
ტური, 25 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
II ტური, 28 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უკრაინა
III ტური, 2 ოქტომბერი, 23:45 საათი
უნგრეთი -საქართველო
IV ტური, 5 ოქტომბერი, 23:45 საათი
ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
V ტური, 14 ნოემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უნგრეთი
VI ტური, 17 ნოემბერი, 23:45 საათი
უკრაინა – საქართველო
საქართველო -ბაჰრეინი 2:0 (0:0)
5 ივნისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო: გუგეშაშვილი (კერესელიძე 81), გოგლიჩიძე, ბერიაშვილი (გელაშვილი 80), ლოჩოშვილი, ლობჟანიძე (მამაგეიშვილი 80), კიტეიშვილი (კვერნაძე 71), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 71), ეგოიანი (გაგნიძე 71), ხარებაშვილი (აზაროვი 46), კვარაცხელია, ქვილითაია (ზივზივაძე 46)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ბაჰრეინი: ელ ღარაბლი, ემანუელი, რაბეა, ალ ჰაიამი, ალ ხალასი, ს. დიია, საბერი (ჰუმაიდანი, 46), მადანი (ჰაშიმი, 81), ალ ასვადი (ალ ასფური, 87), მაჰრუნი (ალ ხათალი, 87), ალ რომაი ( აბდულჯაბარი, 62)
მთავარი მწვრთნელი: დრაგან ტალაჯიჩი.
გოლები: 1:0 ლოჩოშვილი (52), 2:0 კვარაცხელია (77, პენ)
გაფრთხილება: საბერი (18), ბერიაშვილი (25), ალ რომაი (25), აბდულჯაბარი (75), ალ ხალასი (76), რაბეა (77).
მთავარი მსაჯი: დ. ნიკოლსონი (შოტლანდია).





