ხვიჩა კვარაცხელიამ კარიერაში ჩემპიონთა ლიგაში ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში პსჟ შინ „ჩელსის“ დაუპირისპირდა და 5:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 2:2. მისი შესვლა მოედანზე გადამწყვეტი აღმოჩნდა – ხვიჩამ დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა, რის წყალობით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში საუკეთესოს პრიზი მეორედ მიიღო – პირველად ეს ჯილდო ლიგის ფაზაზე ბერგამოს „ატალანტასთან“ 4:0 მოგებული თამაშის მერე მიიღო, რომელშიც გოლი გაიტანა.
მატჩის მე-10 წუთზე ლონდონელთა საჯარიმოშ ჟოაო ნევეშმა თავით დაუგდო ბურთი ბარკოლას, რომელმაც „ცხრიანში“ გაიტანა – 1:0. 28-ე წუთზე მასპინძლები დაცვა „ჩავარდა“ და საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა მალო გუსტომ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ ეპიზოდში საფონოვსაც შეეძლო პარიზელთა გადარჩენა. მე-40 წუთზე პსჟ-ს კონტრშეტევის დროს უსმან დემბელემ ფინტებით თავგზა აუბნია ფოფანას და ზუსტად დაარტყა – 2:1. 57-ე წუთზე ნატუ მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი ენცო ფერნანდეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით შეაგდო – 2:2.
74-ე წუთზე „ჩელსის“ მეკარის გაკეთებული ცუდი გადაცემა საჯარიმოს ხაზთან ბარკოლამ ჩაჭრა და ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, რომელმაც დარტყმის ნაცვლად პასი მისცა ვიტიანიას, ამ უკანასკნელმა კი ოსტატურად ტყავის სფერო თავს ზემოთ იორგენსენს გადაუგდო. 86-ე წუთზე კვარაცხელიამ ბურთი ლონდონელთა ნახევარზე მარცხენა ფლანგზე მიიღო და ცენტრში შეწეული ორ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ შორეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე პარიზელთა კონტრიერიშის დროს საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ჰაკიმიმ კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ორი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება პირველად მოახერხა. საერთო ჯამში, ხვიჩამ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 10 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 21-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა აკრი 4-ჯერ აიღო, პლუს 3 საგოლე პასი შეასრულა.
კვარაცხელიამ 88-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის მიწურულს ბურთი მიმწოდებელმა ბიჭმა თავისი მოვალეობის შესრულება დააგვიანა, რის გამო, „ჩელსის“ ფეხბურთელმა ხელი ჰკრა და ამის გამო მოთამაშეები შეკამათდნენ, მაგრამ ვითარება მალე ჩაცხრა. პსჟ საპასუხო შეხვედრას ლონდონში 17 მარტს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





