დავით ვოლკოვმა „ზირეს“ მაისურით ამ სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავი მეხუთედ გამოიჩინა. მე-12 ტურში „ზირე“ გასვლაზე „იმიშლის“ დაუზავდა – 2:2, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 44-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლეგბომ პასი კარის წინ მდგომ ვოლკოვს გაუკეთა, რომელსაც ერთი შეხებით ანგარიშის გახსნა არ გაჭირვებია. მან მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 12-ჯერ ითამაშა და 5 გოლი მიითვალა, ხოლო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 4 შეხვედრაში მეტოქის კარი ერთხელ აიღო. გიორგი პაპუნაშვილმა „ზირეში“ 71-ე წუთიდან ითამაშა. „ზირე“ 20 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





