„იბერიამ“ წყალტუბოდან სამი ქულა „წამოიღო“

0
0

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა წყალტუბოში შედგა, სადაც წვიმიან ამინდში ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა თბილისის „იბერიამ“ 26 მაისის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ „სამგურალს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა.
მატჩში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მე-17 წუთზე გავიდა, როდესაც „იბერიას“ შეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიკოლოზ დადიანმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი საჯარიმოში გიორგი კუციას გაუკეთა, რომელმაც თავით ბურთი კარის ბადეში გაახვია.
32-ე წუთზე მასპინძლების თავდამსხმელი ირაკლი სირაძე სტუმართა შემტევ ნახევარმცველ ნიკა სიხარულაშვილს ეუხეშა და თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ ყვითელი ბარათი აჩვენა. თუმცა, ეპიზოდის გადამოწმების შემდეგ, სირაძე გააძევეს.
მიუხედავად იმისა, რომ „სამგურალი“ კაცნაკლული დარჩა, თბილისელებმა მეტი გოლი ვერ გაიტანეს, რაც წყალტუბოელთა რუსი მეკარის არსენ სიუკაევის დამსახურებაა. მან მეორე ტაიმში ჯერ ამირან ძაგანიას ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია, ხოლო შემდეგ უკრაინელ ლეგიონერ ელდარ კულიევთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ფეხით მოიგერია.
„იბერიას“ 63 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით მეტი ჩაატარა. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 39 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი