გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა.
24-ე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „აველინო“ 3:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა სტუმართა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
შეხვედრის მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კვერნაძემ ბურთი ოიონოსგან მიიღო და კარში ზუსტად გადაგზავნა. 26-ე წუთზე „ფროზინონედან“ თავი კალომ გამოიჩინა. 61-ე წუთზე კვერნაძემ კონტრშეტევა მოედნის ცენტრიდან დაიწყო და საჯარიმოსთან მიახლოებულმა პასი ზილის გაუკეთა, რომლის გადაცემის მერე ციჩელამ სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. კვერნაძე 85-ე წუთზე შეცვალეს. „აველინოდან“ ერთადერთი ბურთი 77-ე წუთზე ენრიქიმ შეაგდო.
„ფროზინონე“ 49 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ქულით ჩამორჩება ლიდერ „ვენეციას“.
ლაშა თაბაგარი





