კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე სათამაშო დღეს ერთი მატჩი შედგა – გორის „დილა“ შინ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ თბილისის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა.
მატჩის 29-ე წუთზე „დინამომ“ კუთხური ჩააწოდა და ბერძენი მცველის მარიო პურზიტიდისის თავურის მერე, მასპინძელთა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან ცუდად მოიგერია, ხოლო საჯარიმოში მყოფმა გვინეელმა ალგასიმე ბამ ერთი შეხებით ანგარიში გახსნა.
52-ე წუთზე განელმა ბარნს ოსეიმ მოედნის ცენტრიდან ძალიან კარგი პასი მისცა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ პურზიტიდისს, რომელმაც კარის წინ მდგომი მათე ვაწაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი გორელთა კარი აიღო.
„დინამოს“ 58 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა – ლიდერ ბათუმის „დინამოს“ ქულით ჩამორჩება. ბერძენი დიამადის ვავალისის თავკაცობით „დილამ“ 40 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





