მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ საიუბილეო თამაში მოიგო

0
0

„ვილიარეალმა“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში საკუთარ კედლებში „ხეტაფეს“ 2:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. საბა საზონოვი „ხეტაფეს“ განაცხადში კი იყო, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონია.
მიქაუტაძე ვიდრე მოედანზე იმყოფებოდა აქტიურობდა, მაგრამ გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია. მატჩის მე-80 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ნიკოლა პეპემ შორეულ ძელთან ზუსტი პასი ბუქანანს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე აოსო პერესმა „ხეტაფეს“ საჯარიმოში კარლოს რომერო მოძებნა, რომელმაც მცველს დაასწრო და გაიტანა. ცნობისთვის, განვლილი შეხვედრა „ვილიარეალისთვის“ ლა ლიგაში მე-1000 იყო.
„ვილიარეალი“ 15 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო „ხეტაფე“ 12 ქულით მე-15 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი