საფრანგეთის ლიგა 1-ში „ქართული“ დერბი მიქაუტაძემ მოიგო

0
18

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში „ქართული“ დერბი შედგა – გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ შინ „მეცს“ შეხვდა, სადაც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან.
სამივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – მიქაუტაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო წიტაიშვილი და აბუაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს.
„ლიონმა“ მეტოქეს აშკარად აჯობა და 3:0 გაიმარჯვა. 25-ე წუთზე მალიკ ფოფანა სტუმართა საჯარიმოში ორ მცველს იოლად გაუსწორდა და ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე მარჯვნიდან „მეცის“ საჯარიმოში შესულმა მეიტლანდ-ნაილსმა პასი კორენტინ ტოლისოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 83-ე წუთზე ტესმანის თავურის შემდეგ  ზედა ძელს მოხვდა ბურთი, რომელიც კარაბეცმა კარში გადაგზავნა.
მიქაუტაძეს გოლის გატანის შანსი ორივე ტაიმში ჰქონდ. პირველ ტაიმში საჯარიმოში მყოფი საქართველოს ნაკრების ფორვარდის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. ამის შემდეგ, შორეულ ძელთან მდგომ მიქაუტაძეს კარში ეროვნულ გუნდში თანაგუნდლმა წიტაიშვილმა არ დაარტყმევინა, რომელმაც ვარდნაში ბურთი თავით მოიგერია.
მეორე ტაიმში მიქაუტაძე „მეცის“ კარის აღებას ჯერ ფეხით ეცადა, ხოლო შემდეგ თავით, მაგრამ მეკარეს ვერცერთხელ აჯობა.
ლაშა თაბაგარი