ლობჯანიძის პირველი დუბლი სეზონში

0
17

ელგუჯა ლობჯანიძემ „ჟენისში“ გადასვლის შემდეგ, ყაზახეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი დუბლი შეასრულა. 22-ე ტურში „ჟენისმა“ „ასტანა“ მიიღო და 3:2 გაიმარჯვა, ხოლო ქართველმა თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მე-60 წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, თავურით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 73-ე წუთზე ლობჯანიძემ მეტოქის მცველის და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა, რის შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა – 2:1. ის „ჟენისს“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. მასპინძლებში მცველმა ზურაბ თევზაძემ შეუცვლელად ითამაშა. „ჟენისი“ 31 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი