„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პსჟ-ში ხვიჩა კვაარცხელიას ტრანსფერის დეტალები Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში გაამხილა.
-იანვარში კვარა რატომ გაყიდეთ?
-იმის გამო, რომ მისი აგენტი ფიფას რეგლამენტის მე-17 პუნქტის გამოყენებით დაგვემუქრა. ეს ვითარება უნდა განვმარტო. ქართველის მიერ ჩატარებული პირველი საუცხოო სეზონის შემდეგ, ჩვენ მაშინვე ვიზრუნეთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე, რათა მისი ხელფასი გაგვეზარდა და ძალიან სერიოზული თანხა გადაგვეხადა. ნათელი იყო, რომ მისი დაბალი ხელფასი ნახევარ მსოფლიოს დაინტერესებას გამოიწვევდა და ოქროს მთებს შეპირდებოდნენ. თუმცა, მის აგენტს მამუკა ჯუღელს თავისთვის და მოთამაშითვის სხვა გეგმა ჰქონდა.
მას სურდა სხვა კლუბისგან თავისთვის ძალიან დიდი საკომისიო თანხა მიეღო, ხოლო კვარასთვის ორნიშნა ხელფასი. კონტრაქტის მეორე წლის ბოლოს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მე, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი მანა და გენერალური დირექტორი კიაველი დიუსელდორფში გავფრინდით საკითხის მოსაგვრებლად, მაგრამ მამუკა დროს წელავდა. ის ამტკიცებდა, რომ „ნაპოლის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ჯუნტოლი თანხას შეპირდა, რომელიც არ გადაუხადეს. ეს ტყუილი იყო, რაც მალე გაირკვა. ის მაშინ უნდა გამეყიდა, როდესაც პსჟ 200 მილიონ დოლარზე მეტს მთავაზობდა კვარა-ოსიმენის წყვილში. თუმცა, მე მთავარ მწვრთნელ კონტეს შევპირდი კვარას შენარჩუნებას და ამას ვერ გადავაბიჯე.
– ამ თანხის გამოყენებას როგორ აპირებდით?
-ჩვენ დიოკერეშის ყიდვა გვსურდა.
-მე-17 პუნქტში რა წერია, რომლის გამო კვარაცხელიას გაყიდვა მოგიწიათ?
– ეს პუნქტი მოთამაშეს საშუალებას აძლევს ფეხბურთელს სამი წლის შემდეგ კონტრაქტი შეწყვიტოს და კომპენსაცია გადაიხადოს, რომლის რაოდენობა მისი ხელფასიდან და ტრანსფერში გადახდილი თანხიდან განისაზღვრება. გამომდინარე იქიდან, რომ ციფრები ძალიან დაბალი იყო, მოთამაშის ღირებულებასთან შედარებით მიზერულ კომპენსაციას მივიღებდით. ფაქტობრივად, მიმდინარე ზაფხულში მას თითქმის უფასოდ დავკარგავდით.
ლაშა თაბაგარი




