„იბერია“ თასის 1/4-ფინალშია – გეგუჩაძის პირველი მოგება

0
20

თბილისის „იბერია“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალის გადადებულ შეხვედრაში გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა „მიხეილ მესხზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრის 24-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილი სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში „მოჭრა“ ბურთი, რომელიც გვერდით ძელთან შეხების შემდეგ კარში აღმოჩნდა – 1:0.
44-ე წუთზე გიორგი ქობულაძეს თავისი საჯარიმოდან ბურთის მოგერიება სურდა, მაგრამ ვლადიმერ მამუჩაშვილმა დაასწრო და თბილისელთა მცველმა ფეხი ფეხში „ტორპედოს“ კაპიტანს მოარტყა, რომელიც წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა პენალტი დანიშნა, რომელიც მამუჩაშვილმა გამოიყენა – 1:1.
84-ე წუთზე თორნიკე ახვლედიანი შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში, სადაც სოლომონ კვერკველიამ წააქცია და აფციაურმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულუსკენ მიუთითა. იური ტაბატაძემ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა და „იბერია“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. ცნობისთვის, გეგუჩაძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „იბერიამ“ პირველი თამაში მოიგო.
განვლილი მატჩი საინტერესო იმითაც აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა თავისი გადაწყვეტილება ხმამაღლა მთელი სტადიონის გასაგონად გამოაცხადა. ამ შემთხვევაში საქმე უხეშობისთვის მამუჩაშვილის გაძევება-არგაძევებას ეხებოდა.
თასის ბოლო მეოთხედფინალისტი 20 აგვისტოს თბილისში გასამართ „სპაერისა“ და ფოთის „კოლხეთის“ მატჩში გაირკვევა..
ლაშა თაბაგარი