კვარაცხელიამ ევროპის სუპერთასი მოიგო

0
18

ხვიჩა კვარაცხელია უეფას ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტან კახა კალაძის შემდეგ, მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ამ პრესტიჟულ ჯილდოს დაეუფლა. კალაძემ ეს „მილანის“ შემადგენლობაში 2008 წელს მოახერხა.კვარაცხელიამ წელს მეოთხე ჯილდო მოიპოვა – მანამდე, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
პსჟ არსებობის ისტორიაში სუპერთასს პირველად დაეუფლა, ხოლო წელს მეხუთე ტიტული მოიგო. პსჟ პირველი ფრანგული კლუბია, რომელმაც სუპერთასი მოიპოვა.პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე სამწვრთნელო კარიერაში  მე-17 ტიტულს დაეუფლა – მათ შორის რვას პსჟ-სთან ერთად. მან წლის განმავლობაში 5 ტიტული უკვე მეორედ დაისაკუთრა. პირველად ეს “ბარსელონას” თავკაცობის დროს მოახერხა.
იტალიის ქალაქ უდინეში გამართულ შეხვედრაში ანგარიში „ტოტენჰემმა“ გახსნა, როდესაც პალინიას დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო მიკი ვან დენ ვენმა ზუსტად დაამატა – 0:1. 48-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს პედრო პორომ ფრანგების კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილი რომერო მოძებნა, რომელმაც თავით გაიტანა. ამ ეპიზოდში პსჟ-ს მეკარე შევალიემ გუნდი ვერ გადაარჩინა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი კვარაცხელია მე-60 წუთზე შეცვალეს. 85-ე წუთზე კანინი ლიმ საჯარიმოს გარედან დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან უსმან დემბელემ საჯარიმოში ჩააწოდა და გონსალუ რამუშმა თავით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
სუპერთასის რეგლამენტის თანახმად დამატებითი დრო არ დაინიშნა და ფეხბურთელებმა პენალტები შეასრულეს. პარიზელებმა თავისი შანსი მეტოქეზე უკეთესად გამოიყენეს და 4:3 გაიმარჯვეს.
ლაშა თაბაგარი