თემურ ქეცბაიამ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ ქართული „კლასიკო“ ჩაატარა, რომელშიც ქულა აიღო. 24-ე ტურში დინამოელები გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრნენ და დაპირისპირება 1:1 დასრულდა. არსებობის ისტორიაში ეს გუნდები ერთმანეთს მეასედ დაუპირისპირდნენ.
მატჩის პირველ ტაიმში კომნან ანდრიჩმა გაიტანა გოლი, რომელიც გაუქმდა, რადგან სერბისთვის პასის მიცემამდე მასპინძელმა ფეხბურთელმა ხელით ითამაშა.
58-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ მარცხენა ფლანგზე ფელიპე პირესი მოძებნა, რომელიც საჯარიმოში შესული კვიპროსელ მცველ ფსალტისს იოლად გაცდა და შორეულ კუთხეში ეფექტური ბურთი გაიტანა.
71-ე წუთზე ნიგერიელმა გბომადუმ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ქუთაისელთა საჯარიმოში ხორვატ მცველ მატეო შიმიჩს გვერდი მარტივად აუარა და პასი კართან ახლოს მდგომა ჰალიდ დოლტმურზიევს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით საპასუხო გოლი შეაგდო.
ანგარიშის გათანაბრებიდან ციტა ხანში, ლომინაძემ გარე ტერფით ძალიან მაგარი გადაცემა გაუკეთა თბილისელთა საჯარიმოში გახსნილ ლუკა კუპრავას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბრაზილიელ ლუკას ფლორესს ვერ აჯობა.
მიმდინარე სეზონში „ტორპედმ“ შინ „დინამოსთან“ ფრედ მეორე თამაში დაასრულა, ხოლო ერთი მატჩი სტუმრად მოიგო.
თბილისის „დინამო“ 38 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 32 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





