ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში მორიგი დუბლი გაიფორმა.
მე-16 ტურში „კარლსრუემ“ „რეგენსბურგი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მარცხდებოდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის წყალობით სამი ქულა აიღო.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე ზივზივაძემ მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე თანაგუნდელი გაიყვანა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო ქართველმა თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 47-ე წუთზე ზივზივაძე „რეგენსბურგის“ საჯარიმოში წააქციეს და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც დაზარალებულმა თავად შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია.
62-ე წუთზე ზივზივაძე მოედნიც ცენტრიდან ბურთიანად გაიქცა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა 5 ფეხბურთელი მისდევდა საჯარიმოში შესულმა „კარლსრუე“ დააწინაურა – 3:2. ამის შემდეგ მას კიდევ ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილმა შორეულ კუთხეში დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. ბუდუ 90-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ის მე-2 ბუნდესლიგაში ბომბარდირებში ლიდერობს. ცნობისთვის, ზივზივაძემ ერთი ჰეთ-თრიქი და ორი დუბლი შეასრულა. „კალრსრუე“ 26 ქულით 18 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





