„გაგრამ“ თბილისის „დინამოც“ მოინელა

0
2

სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაწვრთნილმა „გაგრამ“ სახლში გორის „დილას, ხოლო სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ დამარცხების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დასკვნით შეხვედრაში დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ამჯერად თბილისის „დინამოს“ აჯობა.
მატჩის დასაწყისში „დინამოს“ ხანგრძლივი შეტევის დროს ახლო მანძილიდან ბრაზილიელი ლეონარდო სანტოსის დარტყმული ბოსნიელმა მცველმა ვლადიმირ არსიჩმა ვარდნაში დაბლოკა და ბურთი ხელში მოხვდა. მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა თავდაპირველად პენალტი დანიშნა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიჩნია, რომ არსიჩს ხელით გამიზნულად არ უთამაშია და გადაწყვეტილება შეცვალა.
მე-9 წუთზე მეკარის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა საბა ზოიძემ პასი კარის წინ გახსნილ უკრაინელ ფორვარდ ანდრეი ანდრეიჩუკს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0. მან მიმდინარე სეზონში თავის ანგარიშზე მეოთხე გოლი ჩაიწერა.
ტაიმის შუაწელში „გაგრამ“ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე ალექსანდრე ფეიქრიშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. მან გაგრელთა მაისურით პირველი გოლი მიითვალა.
„გაგრას“ უკრაინელი მეკარის ოლექსანდრ ვორობეიმ 58-ე წუთზე კარის ახლოდან მათე ვაწაძის თავური გაანეიტრალა. ამ ეპიზოდდან მცირე ხანში ვაწაძემ მასპინძლების საჯარიმოში ირაკლი სირაძე მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი ვორობეიმ მოიგერია. „დინამო“ ზეწოლას არ წყვეტდა და 20 მეტრიდან სანტოსის ძლიერად დარტყმული ბურთი ისევ უკაინელმა მეკარემ აიღო.
84-ე წუთზე განელი დონკორი „გაგრას“ საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და ჩააწოდა – ვორობეიმ ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო სანტოსმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა – 2:1. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ ბოლო წუთზე გოლის გატანა ბრაზილიელ პედრო ბორჟესს შეეძლო, მაგრამ ბურთი “დინამოს” კარს მცირე მანძილით ააცილა. “დინამოს” საპასუხო შეტევას კუთხური მოჰყვა, რომლის ჩაწოდების მერე, სირაძემ თავით დაარტყა და ვორობეიმ მასპინძლები კიდევ ერთხელ გადაარჩინა.
ლიუბენოვიჩის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში „დინამოს“ მეორე მატჩიც მოუგეს, ხოლო საერთო ჯამში „გაგრამ“ ქვეყნის ყველაზე ტიტულიან გუნდს მიჯრით მეოთხედ მოუგო.
„გაგრამ“ ზედიზედ სამი თამაშის მოგების შემდეგ, 20 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა, ხოლო  თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „დინამო“  25 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი