კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში გორში ერთმანეთს ჩემპიონობის პრეტენდენტები ადგილობრივი „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში გუნდებმა ქულები გაიყვეს და ამ შედეგით ყველაზე მეტად ლიდერმა თბილისის „იბერიამ“ იხეირა.
შეხვედრის 21-ე წუთზე გვინეელი მომო იანსანეს პასის შემდეგ, ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა ფინტით გვერდი ანგოლელ მცველ კალეს აუარა და საჯარიმოში შესულმა „ცაციათი“ „ცხრიანში“ გაიტანა. მან კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში 21-ე გოლი მიითვალა.
30-ე წუთზე „დილას“ ნიდერლანდელმა ლეგიონერმა ვაუტერმა დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და სერბი მეკარე ფილიპ კლიაიჩის ხელიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
36-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ლაშა შერგელაშვილმა მარცხენა ფლანგიდან გადაცემა კარის წინ მდგომ იონსენს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი არაზუსტად დაარტყა და ანგარიშის გაზრდის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა.
71-ე წუთზე ქუთაისელთა ნახევრზე გადასულმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ძალიან კარგი პასი მისცა მოწინააღმდეგის საჯარიმოში გახსნილ ნიდერლანდელ ტარელ ვაუტერს, რომელმაც ბრაზილიელ მცველ ვარლეის აჯობა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:1. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და გუნდებმა თითო ქულა ჩაიწერეს.
შოტლანდიელი სტივ კინის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ 61 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფ „იბერიას“ 3 ქულით ჩამორჩება. პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილ „დილას“ 59 ქულა აქვს და მესამეა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი ტურის ცენტრალურ მატჩში ფრით „იბერიამ“ იხეირა