ბუდუ ზივზივაძეს მეორე ბუნდესლიგის მე-11 ტურში სტუმრად „ჰანოვერთან“ ჩატარებულ მატჩში გოლი არ ჩაუთვალეს, რაც დაპირისპირების საბოლოო შედეგზე აისახა.
შეხვედრის 28-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი საჯარიმოში ყველაზე მაღლა ახტა და თავით ეფექტური ბურთი შეაგდო. თუმცა, მსაჯმა პასი მიმცემზე თამაშგარე დააფიქსირა და ეს ძალიან საეჭვო გადაწყვეტილება იყო. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და დარჩენილ დროში მეტოქის კარი არ აუღია.
45-ე წუთზე სტუმრები ფრანკემ დააწინაურა, ხოლო 66-ე წუთზე ნგანკამ საპასუხო ბურთი გაიტანა. 89-ე წუთზე ჰალსტერბერგმა სტუმრების კარი აიღო და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. “კარლსრუე“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში “ყიზილორდამ” სახლში “კაისარი” 6:2 დაამარცხა. მასპინძლების სასტარტოში ლუკა იმნაძე იყო, რომელმაც 76-ე წუთზე თავისი გუნდის მეექვსე გოლი გაიტანა – მეტოქის საჯარიმოში თანაგუნდელის პასის შემდეგ ბურთი შორეულ “ცხრიანში” გაგზავნა. მან მიმდინარე სეზონში 22-ჯერ ითამაშა და თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში მტკ-მ “ზალაეგერშეგი” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. მასპინძლებში ქართველმა მცველმა ილია ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი ზივზივაძეს არ ჩაუთვალეს – „კარლსრუემ“ წააგო