თბილისის „იბერიამ“, რომელსაც ლევან კორღალიძე წვრთნის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 31-ე ტურში „იბერია“ თანაქალაქელ „დინამოს“ ესტუმრა და სამი ქულა აიღო.
მატჩის 45-ე წამზე ცოტნე კაპანაძემ თავისი ნახევრიდან ძალიან კარგი პასი მისცა იური ტაბატაძეს, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და პასი მალელ შეიკნე სილას გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 0:1. მე-5 წუთზე იმავე კაპანაძისგან მასპინძლების ნახევარზე ბურთი ისევ ტაბატაძემ მიიღო, რომელმაც „დინამოს“ საჯარიმოში ოთარ მამაგეიშვილი მოძებნა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიშის გაზრდის შანსი ვერ გამოიყენა.
მე-17 წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა „დინამოს“ ცენტრალურ მცველ ალექსანდრე კალანდაძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და გააძევა. კალანდაძემ პირველი ყვითელი მე-11 წუთზე მიიღო.
32-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა მეტოქის საჯარიმოში თავით კარგი პასი გაუკეთა შეიკნე სილას და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა აფრიკელმა დუბლი შეასრულა. მისთვის ეს „იბერიას“ მაისურით მეორე დუბლია და პირველად ერთ მატჩში ორი გოლი ასევე „დინამოს“ გაუტანა.
57-ე წუთზე „იბერიას“ ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს საბა ხარებაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა საბა კვერკველიამ თავით დაარტყა და გიორგი მაკარიძემ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. 83-ე წუთზე მაკარიძემ უკვე საჯარიმოს გარედან ავსტრიელი რაიტერის დარტყმული გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში „დინამომ“ კუთხური ჩააწოდა და საბა კვერკველიამ თავით დაარტმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
„იბერიამ“ 64 ქულით 10-გუნდაინ ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის დამოძღვრილი „დინამო“ 38 ქულით მეხუთე ადგილზეა.
დინამო თბ 0:2 იბერია 1999
„გაგრამ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. შეხვედრის მე-6 წუთზე ბექა გაბისკირიამ მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს მიმართულება ქუსლით გიორგი ხარებაშვილმა შეუცვალა, ხოლო ოთარ აფციაურმა ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაიტანა. 48-ე წუთზე გაგრელთა მცველმა თავის საჯარიმოს ახლოს ცუდად მიიღო ბურთი, რომელიც საბოლოოდ დანიელ ოვუსუს დარჩა და განელმა დაახლოებით 18 მეტრიდან ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 84-ე წუთზე ბექა გაბისკირიამ სტუმართა კარის წინ გიორგი ხარებაშვილი მოძებნა, რომლის თავური მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე „გაგრას“ ნახევარმცველმა მაინც გაიტანა – 2:1.
გიორგი ონიანის თავკაცობით „გაგრამ“ 32 ქულა დააგროვა და მეშვიდეა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „სამტრედია“ 26 ქულით ბოლოა.
გაგრა 2:1 სამტრედია
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი „იბერიამ“ ლიდერობა განიმტკიცა