პარიზში ოქროს ბურთის 68-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მთავარი პრიზი ესპანელ ფეხბურთელ როდრიგო ერნანდესს (როდრის) გადაეცა, რომელიც წელს ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონი გახდა.
ოქროს ბურთის გამარჯვებულების პირველი ხუთეული ასეთია:
როდრიგო ერნანდესი (“მანჩესტერ სიტი”)
ვინისიუს ჟუნიორი (მადრიდის „რეალი“)
ჯუდ ბელინგემი (მადრიდის „რეალი“)
დანი კარვახალი (მადრიდის „რეალი“)
ერლინგ ჰოლანდი (“მანჩესტერ სიტი”)
ქალთა შორის ოქროს ბურთის მფლობელი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ აიტანა ბონმატის ზედიზედ მეორედ გადაეცა.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს ლევ იაშინის ჯილდო იწვევდა, რომელიც წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა. 10 ნომინანტს შორის იყო საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა.
„ამ დაჯილდოებაზე ყოფნა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად – ეს უკვე დიდი წარმატებაა. ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ არაერთხელ მოვხვდები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს“, – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.
იაშინის ჯილდო კი „ასტონ ვილასა“ და არგენტინის ნაკრების გოლკიპერს, ემილიანო მარტინესს ერგო. აღსანიშნავია, რომ მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს:
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად 17 წლის ასაკში ესპანელი ლამინ იამალი დასახელდა.
საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო ჰარი კეინმა და კილიან მბაპემ გადაინაწილეს 2023/24 წლების სეზონში გატანილი 52-52 გოლით.
წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო „რეალის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მიიღო.
წლის კლუბად მამაკაცთა ფეხბურთში მადრიდის “რეალი” დასახელდა, ხოლო ქალთა ფეხბურთში „ბარსელონა“.
2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება მადრიდის რეალის მთელი შემადგენლობის პროტესტის ფონზე ჩატარდა. როგორც მედიაში იწერება, რეალის დელეგაციამ პარიზში გამართულ ცერემონიალზე დასწრებაზე სრული შემადგენლობით უარი მას შემდეგ თქვა, რაც გაირკვა, რომ ვინისიუს ჟუნიორი ჟიურის ხმების მიხედვით მეორე ადგილზე გადიოდა.
