ტურის ცენტრალური მატჩი „იბერიამ“ მოიგო

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „რუსთავმა“ თბილისის „იბერია“ მიიღო და 0:2 დამარცხდა.
მატჩის დასაწყისში მასპინძლების ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ჟან ალმეიდამ კარგად დაამუშავა მეტოქის საჯარიმოში ბურთი და ახლო მანძილიდან კარს ააცილა – ანგარიშის გახსნის ძალიან რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
ამის შემდეგ, თავის გამოჩენის შანსი ორჯერ „იბერიას“ თავდამსხმელ ამირან ძაგანიას ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ტაიმის შუაწელში რუსთაველთა საჯარიმოში მყოფმა ფრანგმა ტიბუემ ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარს გადააცილა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, „რუსთავის“ საჯარიმოში თავისუფალი დარტყმა დაინიშნა და ნიკა სიხარულაშვილის გადაცემის მერე, გიორგი ჯინჯოლავამ დაარტყა, მაგრამ მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა ბურთი მოიგერია.
42-ე წუთზე მასპინძლების ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს ჯინჯოლავამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ლუქსემბურგელმა მცველმა ვაჰიდ სელიმოვიჩმა ყველას აჯობა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის შუაში ზვიად ნაჭყებია საჯარიმოში მცველს გაექცა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა, კარის აღებამდე ცოტა დააკლდა.
83-ე წუთზე ძაგანიამ მასპინძლების ნახევარზე ძალისმიერი ორთაბრძოლა ბრაზილიელ მცველ ოლივეირასთან მოიგო, ხოლო საჯარიმოში მარცხნიდან შესული მამუკა კაპანაძეს ფინტით გაცდა და ბერუაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა.
„რუსთავს“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით 46 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო  „იბერია“, რომლის მთავარ მწვრთნელად ლევამ კორღალიძე დაბრუნდა, ამდენივე ქულით მესამეა.
ლაშა თაბაგარი