საქართველოს ეროვნული ნაკრების გათამაშებელი რატი ადრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. 25 წლის ქართველს ორთვიანი ხელშეკრულება ACB ლიგის კლუბმა, მორაბანკ ანდორამ გაუფორმა.
ეს გახლავთ ესპანეთის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის მესამე კლუბი, რომლის მაისურსაც ანდრონიკაშვილი მოირგებს. აქამდე მას მურსიასა და სარაგოსაში უთამაშია.
ანდორელებსმა 25 წლის ქართველს ჯერ 2-თვიანი ხელშეკრულება გაუფორმეს და წარმატების შემთხვევაში, ცხადია, კონტრაქტი გახანგრძლივდება.
25 წლისა და 1.94 მეტრი სიმაღლის ქართველი გამთამაშებელი ახალ გუნდს ადგილობრივი აღზრდილის (jugador de formación) სტატუსით შეუერთდება. ანდრონიკაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს და Liga Endesa-საც კარგად იცნობს, სადაც წარსულში „უჩამ მურსიასა“ და „კასადემონტ სარაგოსას“ ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, მას ესპანეთის რანგით მეორე ლიგაშიც (Primera FEB) უთამაშია — 2024/25 წლების სეზონში იგი „მონბუს ობრადოიროს“ შემადგენლობაში გამოდიოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბოლო სანაკრებო ფანჯრებზე ეროვნული გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი და საკვანძო მოთამაშე გახლდათ.
ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი „მორაბანკ ანდორას“ სპორტულმა დირექტორმა, ჟორდი არდევოლმა გააკეთა. მისი თქმით, ანდრონიკაშვილი გუნდში საუკეთესო ფორმაში დროულად მიდის:
„ანდრონიკაშვილი ჩვენთან მომზადების ეტაპზე მოდის, საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ძალიან კარგი ბოლო მატჩების შემდეგ. იგი სწრაფი, ფეთქებადი, კარგი ფიზიკური მონაცემების მქონე და ძალიან კრეატიული გამთამაშებელია, განსაკუთრებით თამაშის შექმნასა და ასისტენტობაში. მისი დამატება საშუალებას მოგვცემს, გვყავდეს მესამე გამთამაშებელი, რათა უკეთ გადავანაწილოთ დატვირთვა შემადგენლობაში არსებულ ორ უკანახაზელს შორის და, ამავდროულად, ახალი ალტერნატივა შევმატოთ გუნდის თამაშს. რამდენიმე მოთამაშის ფიზიკურმა მდგომარეობამ და საინტერესო საბაზრო შესაძლებლობამ გახადა შესაძლებელი ეს ტრანსფერი, რომელიც თავიდან დაგეგმილი არ ყოფილა“.





