მათს ჰუმელსი კარეირას „რომაში“ გააგრძელებს, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სერია A-ს კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის რომაელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან გასული სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ჰუმელსი „ბორუსიაში“ 2007-2016 და 2019-2024 წლებში გამოდიოდა. მან დორტმუნდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 508 მატჩში 38 გოლი გაიტანა.
ის 2007-2009 და 2016-2018 წლებში მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავდა. მან მიუნხენელთა მაისურით 158 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
