სტივ კინმა “ჯუნგლებს” მიმართა: “იმედია ისევ ერთად დავდგებით”

0
15

 “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი სტივ კინი ქუთაისელთა ფან-კლუბის “ჯუნგლების” განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც თავისი საყვარელი გუნდის თამაშებზე დასწრებას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე შოტლნდიელი თანამდებობას არ დატოვებს. “ჯუნგლებმა” ეს განცხადება 22-ე ტურში შინ გორის “დილასთან” 1:5 წაგების მერე გაავრცელეს.
სტივ კინი: “გავეცანი კაპიტნის განცხადებას და მსურს ჩემი მხრიდან დავამატო:“ჯუნგლების” მიმართ მხოლოდ დიდი პატივისცემა გამაჩნია. მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც 16 თვის წინ პირველად ვიდექი თქვენს წინ სამტრედიაში და ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას გუნდის მიმართ. მას შემდეგ თავს მეც ამ დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ.
იმედი მაქვს, გრძნობთ და ხვდებით, რომ “დილასთან” მატჩის შემდეგ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა. მსურდა ამეხსნა და არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო ბოდიში მომეხადა, “ჯუნგლების” ლიდერს კი, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ, ამ ყველაფერზე ცალკე საუბარი ვთხოვე.
ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვაქვს და გვინდა ეს ყველაფერი “ჯუნგლებთან” ერთად გავიზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა დარჩენილ მატჩებში ძალიან გვჭირდება: თქვენ მოტივაციას გვაძლევთ და გვიყვარს ყოველი მატჩის შემდეგ თქვენს ტრიბუნასთან მოსვლა. ვიმედოვნებ, რომ ისევ ერთად დავდგებით. ეს თქვენი კლუბია და მას დიდება უნდა დავუბრუნოთ”.
ლაშა თაბაგარი