„დინამომ“ შინ აუტსაიდერს ვერ მოუგო

0
14

ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ ორი თამაშის წაგების შემდეგ, 23 ტურში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ აუტსაიდერი „სამტრედია“ ვერ დაამარცხა.
მატჩის მე-17 წუთზე მეტოქის საჯარიმოს ახლოს დანიშნული ჯარიმის შესრულების შემდეგ, რატი არდაზიშვილმა ბურთი დინამოელთა კართან ჩააწოდა და ლეო ასუნსეუმ თავით ანგარიში გახსნა – 0:1. 71-ე წუთზე საბა სამუშია სამტრედიელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და იმავე ასუნსეუმ ფეხით ბურთი თავის კარში ჩაჭრა.  დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „დინამომ“ თავის მოედანზე მიჯრით მე-4 თამაში ვერ მოიგო. „დინამო“ 26 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „სამტრედია“ 15 ქულით ბოლოა.
დინამო თბ 1:1 სამტრედია 
კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ფოთის “კოლხეთმა” ქობულეთში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცენტრში სომეხი არმენ ადამიანის დამოძღვრილი “თელავი” მიიღო და გუნდები ერთმანეთს უგოლო ფრეზე გაეყარნენ. “კოლხეთი” 28 ქულით მეხუთეა, ხოლო “თელავი” 22 ქულით – მერვე.
კოლხეთი 1913 0:0 თელავი 
ლაშა თაბაგარი