ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგიდან გავარდა

0
26

ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩში შინ ჩერნოფორიის ჩემპიონ „დეჩიჩთან“ 0:2 დამარცხდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ტურნირს დაემშვიდობა.
გამომდინარე იქიდან, რომ „დეჩიჩის“ სტადიონი ქალაქ ტუზიში უეფას მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა, საპასუხო მატჩი ჩერნოგორიის დედაქალაქ პოდგორიცას ცენტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, იმ მოედნის საფარი ცუდ მდგომარეობაშია და ამიტომ, საბოლოოდ შეხვედრა ჩენოგორიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შედგა.
ტაიმის შუაწელში სეკულოვიჩმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში გაგზავნა, რასაც ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო და პორტუგალიელმა მეკარე რიკარდო სილვამ მუშტებით ხიფათი გაანეიტრალა.
36-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა „კედელი“ ბლესასთან გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. 38-ე წუთზე სეკულოვიჩმა დაახლოებით 25 მეტრიდან „გაისროლა“ და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
81-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა თავით გაუკეთა პასი მეტოქის საჯარიმოში კართან ახლოს ზურგით მდგომ ბლესას, რომელმაც ქუსლით ძალიან სუსტად დაარტყა და მეკარე ბურთს დაეუფლა, ამ ეპიზოდში ესპანელ ფორვარდს უკეთესად თამაში მართებდა. 84-ე წუთზე დაახლოებით 23 მეტრიდან ლევან ხარაბაძემ დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. შეხვედრის ბოლო წუთზე მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და „დეჩიჩის“ მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ და თბილისის „იბერია“ ითამაშებენ. ქუთაისელები სტუმრად კვიპროსის „ომონიასთან“ 1:3 წაგების მერე, მეტოქეს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მიიღებენ. თბილისელებმა პირველი თამაში თავის მოედანზე ტირანას „პარტიზანთან“ 2:0 მოიგეს და ალბანეთის დედაქალ;აქში უპირატესობის შენარჩუნებას ეცდებიან.
“დეჩიჩი” – “დინამო” (ბათუმი) 0:0
30 ივლისი. პოდგორიცა. ჩერნოგორიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი.
“დეჩიჩი”: ნიკიჩი, დრესაი, მილიჩი, ტომაშევიჩი, მალეშევიჩი, სელუკოვიჩი ( ბოჟოვიჩი, 82), კაიევიჩი (ბოჟანოვიჩი, 66), ჩაგასი, სტრიკოვიჩი (სტიეპოვიჩი, 74), პულეიო, კამაი (მასოვიჩი, 82)
მთავარი მწვრთნელი: მილორად პეკოვიჩი
“დინამო” (ბათუმი): რიკარდო სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონ სილვა,  მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი (ფაჩულია, 88), ჟან ვიქტორი (მარა, 56), ღუდუშაური, გომისი (ტამბედუ, 65), ბლესა.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
გაფრთხილება: მალეშევიჩი (34)
არბიტრი: ხ. ბარსელო (გიბრალტარი)

ლაშა თაბაგარი