ნიდერლანდები ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება

0
59

გერმანიაში მიმდინარე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ბოლო ნახევარფინალისტი ნიდერლანდები აღმოჩნდა. რონალდ კუმანის გაწვრთნილი თურქეთს დაუიპირისპირდა და მიუხედაქვად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო, საბოლოოდ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა.
ვინჩენცო მონტელას დამოძღვრილი თურქები პირველი ტაიმის 35-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა არდა გიულერმა გადაცემა კარის შორეულ ძელთან გააკეთა, სადაც ყველას აკაიდინმა დაასწრო და თავით გაიტანა.
70-ე წუთზე ნიდერლანდელების მიერ თურქების ნახევქარზე გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მემფის დეპაიმ ზუსტი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში დე ვრეის, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე დუნფრისმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში პასი გაკპოს მისცა, რომელმაც მცველს დაასწრო და ნიდერლანდელები დააწინაურა.
დარჩენილ დროში თურქებს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ჯერ ნიდერლანდელმა მცველმა გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიედან, ხოლო ორ ეპიზოდში მეკარე ვერბუგენმა დამაჯერებლად ითამაშა.
ნიდერლანდები 2004 წლის შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც 10 ივლისს დორტმუნდში “სიგნალ იდუნა პარკზე” ინგლისს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი