„ფიორენტინას“ მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო იტალიანოს თქმით, მის გუნდს ფლორენციისთვის და კლუბისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ტიტულის მოგების შანსი აქვს, მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის ფინალში დღეს ათენში „ოლიმპიაკოსთან“ გასამართ მატჩამდე განაცხადა.
“ფინალში ისევ გასვლა გვახარებს. ჩვენ შანსი გვაქვს ფლორენციისთვის, კლუბისთვის და ჩვენთვის ცმართლაც მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგოთ. იმედია, გასული წლის გამოცდილება მომავალი მატჩის წინ გამოგვადგება. ვხედავ, რომ მოთამაშეები მშვიდად არიან და ეჭვი არ მეპარება, რომ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.
ერთადერთი რაც გასულ წელთან შედარებით ისაა, რომ ფინალში თამაშის გამოცდილება გვაქვს. თუმცა, შანსი ისევ 50/50-ზეა. ჩვენც ძლიერები ვართ და მეტოქეც. ჩვენთვის ეს გარკვეულწილად შურისძიებაა, მაგრამ შეცდომები არ უნდა დავუშვათ და კონცენტრაცია შევინარჩუნოთ. ფინალში შინაგანი ცეცხლით უნდა ვითამაშოთ. შარშან ჩვენთვის ყველაფერი არცთუ კარგად დასრულდა, მაგრამ მასინდელ იმედგაცრუებას ახალი მიზნის მისაღწევად გამოვიყენებთ. ვიცით, რომ მაღალი დონის მეტოქეს ვუპირისპირდებით და ამიტომ, რთული თამაში იქნება. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი იდენტურობა არც მოედანზე და არც მის ფარგლებს გარეთ არ უნდა დავკარგოთ. აუტების ჩაწოდებით დაწყებული ჩვენს ყველა მოქმედებაზე მთლიანად უნდა ვკონცენტრირდეთ. აუცილებელია ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საბრძოლო სულისკვეთება გამოვავლინოთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„ოლიმპიაკოსი“ – „ფიორენტინას“ მატჩი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში „აია-სოფიას“ სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 23:00 სააათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
