თბილისის „იბერიამ“ მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდის დავი პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „:გაგრას“ წინაშე ნომინალური სტუმრის სტატუსით წარსდგა და მოულოდნელად დიდი ანგარიშით წააგო.
ორმხრივი შეტევებით დაწყებული მატჩის მე-5 წუთზე ლევან გეგჭკორი მარჯვენა ფლანგზე ნიგერიელ აჰბალაკას გაცდა და საჯარიმოში შესულმა ზუსტი პასი კარის წინ მდგომ გიორგი ხარებაშვილს გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0. მე-14 წუთზე ხარებაშვილი ერთ იბერიელს გაცდა და საჯარიმოს გარედან დაარტყა – ბურთი რომელიც ზედა ძელს მოხვდა, აგბალაკამ კუთხურზე მოიგერია. გაგრელებმა სტანდარტული გაითამაშეს და მარჯვენა ფრთიდან გეგეჭკორის ჩაწოდების შემდეგ, საჯარიმოში უყურადღებოდ დარჩენილმა თორნიკე ჯანგიძემ თავით გაიტანა – 2:0 21-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს გიორგი ლომთაძის პასის მერე საჯარიმოში შესულ მათე ვაწაძეს ნიდერლანდელმა მცველმა აგიაკვამ ხელი ვერ შეუშალა და საქართველოს ნაკრების ექსფორვარდმა თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა – 3:0. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლომთაძემ კარგი პასით ხარებაშვილი მოძებნა, რომელიც ჯერ მცველს გაცდა, შემდეგ საჯარიმოში შესულმა გვერდი მეკარესაც აუარა და დუბლი მიითვალა – 4:0. მეორე ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და „იბერია“, რომელსაც 32 ქულა დარჩა 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. გიორგი ონიანიას გაწვრთნილი „გაგრა“ 19 ქულით მეშვიდეა.
გაგრა 4:0 იბერია 1999
პარალელურად თელავში გამართულ შეხვედრაში ადგილობრივ „თელავსა“ და „სამტრედიას“ შორის გოლი არ გასულა. „თელავი“ 17 ქულით მერვეა, ხოლო „სამტრედია“ 10 ქულით ბოლოა.
თელავი 0:0 სამტრედია
ლაშა თაბაგარი





