მამარდაშვილის გუნდმა მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
37

ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ „ხეტაფე“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და მატჩის მიწურულს ორ ეპიზოდში თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. გუნდები მოედანზე “ვალენსიას” მცველის მუხტარ დიახაბის მხარდამჭერი წარწერიანი მაისურებით გამოვიდნენ. დიახაბიმ 27-ე ტურში “რეალთან” (2:2) დაპირისპირებაში მუხლის ისეთი მძიმე ტრავმა მიიღო, რომ მისი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პირველ ტაიმში ერთადერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, რომლითაც „ვალენსიამ“ იხეირა – მარცხენა ფლანგიდან კანოსის კარგი გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა უგო დურომ წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:0. ვალენსიელთა საუკეთესო ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში თავისი მე-12 გოლი გაიტანა.
საგოლე ეპიზოდებით დახუნძლული არც მეორე ტაიმი იყო, რომლის მიწურულს „ხეტაფე“ გააქტიურდა და მამარდაშვილმა თავისი ოსტატობა სრულად გამოავლინა. 84-ე წუთზე ოსკარ როდრიგესის ძალიან სახიფათო დარტყმის მერე., ქართველმა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ ახლო მანძილიდან ბურთი კარში ხორდი მარტინმა გაგზავნა და ისევ მამარდაშვილმა იყოჩაღა. „ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში ანგარიშით 1:0 მეხუთე მატჩი მოიგო. მამარდაშვილის გუნდმა ბოლო ოთხი მატჩიდან პირველად გაიმარჯვა. მანამდე, ვალენსიელებმა ერთი თამაში წააგეს და 2 ფრედ დაასრულეს – 40 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 25-ე ტურში “კარლსრუემ” სტუმრად “კილთან” 0:1 წააგო. კარლსრუელთა განაცხადში საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე არ იყო.
ლაშა თაბაგარი