საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ამაყია, რომ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების 30 პრეტენდენტს შორის მოხვდა.
„ვფიქრობ, დიდი საფეხბურთო ქვეყნებისთვის რთული გასაგებია ეს პატარა ქვეყნისთვის რას ნიშნავს. ეს ისაა, რაც თითქოს ძალიან შორეული და თითქმის მიუღწეველი ჩანს. ძალიან მეამაყება, რომ პრეტენდენტებს შორის ვარ. ასეთი დიდი ფეხბურთელების გვერდით ყოფნა დიდი პატივია.
რა თქმა უნდა, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, რადგან მსურს ჩემი ქვეყანა და ოჯახი გავაბედნიერო. ძალიან ვამაყობ იმით რასაც ფეხბურთში მივაღწიე. თუმცა, მსურს იმავე მიმართულებით მოძრაობა გავაგრძელო.
ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს ის მოხდება. მე უბრალოდ მუშაობას და ვარჯიშს ვაგრძელებ. ისეთივე ვარ როგორიც ვიყავი და არაფრის შეცვლა მსურს. ვნახოთ რა მოხდება“ – იუწყება პსჟ-ს გარემარბის ნათქვამს BBC.
კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორის ზედიზედ მესამედ მოხვდა. პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 86 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. იგი „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა Forbes-ს მიხედვით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პსჟ-ში წელიწადში 21 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და კლუბში ანაზღაურებით მხოლოდ უსმან დემბელეს ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





