„ნაპოლიმ“ ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე „ბორნმუთიდან“ იჯარით ნახევარმცველი ჰამედ ჟუნიორ ტრაორე აიყვანა. 23 წლის კოტდივუარელმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის მერე, ნეაპოლელებს მისი გამოყიდვის უფლება ექნებათ.
ჰამედ ჟუნიორ ტრაორე „ბორნმუთში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა და ყველა ტურნირში 7-ჯერ ითამაშა. მან მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2021 წლიდან იწვევენ და 9 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.
„ნაპოლი“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, დღეს იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება. თამაში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში შედგება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





