„ნაპოლიმ“ კვარაცხელიას დუბლით მოიგო

0
49

ხვიჩა კვარაცხელიამ თავის იტალიურ კარიერაში მეორე დუბლი მიითვალა, ხოლო მიმდინარე სეზონში – პირველი. პირველად მან იტალიის სერია A-ში ერთ მატჩი გასულ სეზონში „მონცასთან“ შეხვედრაში გაიტანა.
მე-9 ტურში რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად „ვერონას“ შეხვდა და სამი ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის წყალობით აიღო.
ნეაპოლელებმა ანგარიის 27-ე წუთზე გახსნეს, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა რასპადორიმ პასი პოლიტანოს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი მიწაზე დაუშვებლად მასპინძლები კარში გადაგზავნა – 0:1.
43-ე წუთზე „ნაპოლის“ კონტრშეტევის დროს კვარაცხელიამ ფინტით გვერდი მანიონეს აუარა და მარცხენა ფეხით მეკარისგან ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:2.
55-ე წუთზე ნეაპოლელთა მორიგი კონტრიერიშის დროს კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო, მანიონეს უპრობლემოდ გაცდა და ამჯერად მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში გაიტანა – 0:3.
მე-60 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან „ვერონას“ ფეხბურთელმა საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც დი ლორენცოს უხერხულად მოხვდა და ლაზოვიჩმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით „ნაპოლის“ კარი აიღო.კვარაცხელია 76-ე წუთზე ლინდსტრიომმა შეცვალა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, რომელიც კვარაცხელიასთვის იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო იყო, მან თავისი პირველი გოლი სწორედ „ვერონას“ გაუტანა.
მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ 17 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი