თბილისის „იბერიამ“ უეფას კონფერენს ლიგის ფაზაში პირველი ქულა აიღო. ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდი შინ შვედეთის „მიალბიუს“ დაპირისპირება 1:1 დაასრულა. არადა, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს სამი ქულის მოსაპოვებლად მცირედი დააკლდა. „იბერია“ პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ევროთასების ძირითად ეტაპზე ქულა მოიპოვა. 22 წლის წინ თბილისის „დინამომ“ ევროპა ლიგის ჯგუფში ოთხივე შეხვედრა წააგო. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „იბერია“ ბელგიაში „სენტ-ტრიუდენთან“ 0:2 დამარცხდა.
„იბერიას“ მოპოვებული ქულით ქართულმა გუნდებმა 2028-2029 წლების სეზონში ევროთასებზე ისევ 4 გუნდის გაყვანის უფლება მოიპოვებს. ცნობისთვის, მომავალ სეზონში ევროპაში ჩვენი სამი გუნდი იასპარეზებს.
სამწუხაროა, რომ 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ქართულმა კლუბმა ევროთასის ძირითად ეტაპზე თავისი პირველი მატჩი ფაქტობრივად ცარიელ „მიხეილ მესხზე“ ჩაატარა, სადაც 22000 ადამიანი ეტევა.
მატჩის მე-17 წუთზე შვედების კარგი შეტევის დროს, მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეული სამუელსენი ორ მეურვეს გაცდა და თბილისელთა საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა – ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ცოტა ხანში, იმავე სამუელსენმა დაახლოებით 18 მეტრიდან დანიშნული ჯარიმა შეასრულა და მაკარიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების მერე, მიეტინენის ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს გიორგი ქობულაძე გადაეფარა, თორემ შესაძლოა ანგარიში გახსნილიყო.
23-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ქობულაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ნიკა სიხარულაშვილის დარტყმის შემდეგ, ბურთი სკანდინავიელების კარის გვერდით ძელს სანტიმეტრებით აცდა. 37-ე წუთზე სტუმრების ჩაწოდებული კუთხურის დროს, მაკარიძემ კარიდან ცუდად გამოვიდა, ხოლო იქბალმა რამდენიმე მეტრიდან თავით ბურთი კარს გადააცილა. მე-40 წუთზე „იბერიამ“ კუთხური გაითამაშა და დაახლოებით 25 მეტრიდან გიორგი ჯინკოლავას დარტყმული ბურთი ზედა ძელს მოხვდა. ტაიმის მიწურულს გუსტავსონმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და მაკარიძეს ბურთის მოგერიება გაუჭირდა.
53-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი სიხარულაშვილი მცველმა წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა. ჯინჯოლავამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ქართული გუნდის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კონფერენს ლიგის ფაზაში გოლი გაიტანა. ანაგრიშის გახსნიდან ცოტა ხანში შვედებს საპასუხო გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, თუმცა, მასპინძლების საჯარიმოში მყოფი ლინდბერგის დარტმული ბურთი გვერდითმა ძელმა აისხლიტა.
მეორე ტაიმის შუაწელიდან მოყოლებული შვედებმა ზეწოლა გააძლიერეს და „იბერია“ მეტოქის ნახევარზე გადასვლას ფაქტობრივად ვერ ახერხებდა. 67-ე წუთზე „იბერიას“ საჯარიმოში მდგომმა ენგორმა ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და მაკარიძე ბურთს დაეუფლა. 76-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა სამუელსენის სახიფათო დარტყმის მერე, მაკარიძემ გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. 89-ე წუთზე იქბალმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და მაკარიძემ გამოსვლაზე არადამაჯერებლად ითამაშა, პეტერსონმა კი ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის ბოლო წუთზე კარის წინ აღმოჩენილმა იქბალმა მიზანს ააცილა და „იბერია“ მარცხს გადაურჩა. „იბერიას“ მოპოვებული ქულით ქართულმა გუნდებმა 2028-2029 წლების სეზონში ევროთასებზე ისევ 4 გუნდის გაყვანის უფლება მოიპოვებს. ცნობისთვის, მომავალ სეზონში ევროპაში ჩვენი სამი გუნდი იასპარეზებს.
თბილისელები კონფერენს ლიგის ფაზის მე-3 ტურში 6 ნოემბერს გასვლაზე დანიის „კოპენჰაგენს“ შეხვდებიან.
„იბერია“ (თბილისი) – „მიალბიუ“ (შვედეთი) 1:1 (0:0)
22 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა (კ), კაფე (ტიბუე, 63., დადიანი (ბართიშვილი, 80), ქარდავა, ნაჭყებია (კუცია, 72), სიხარულაშვილი, ძაგანია (ალჰასანი, 80)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.
„მიალბიუ“: ლუნდინი, გრანატი (ნილსენი, 66), მიეტინენი (პეტერსონი, 84), იქბალი, ნორენი, ჰოფმანი, ლინდბერგი, გუსტაფსონი (66. ენგორი), გუსტავსონი (კ), სამუელსენი (ტიდსტრანდი, 84), ბერგსტრიომი.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეას ბრანსტრომი.
გოლები: 1:0 ჯინჯოლავა (55, პენ.), 1:1 პეტერსონი (89)
გაფრთხილება: კაფე (11), დადიანი (45), გუსტაფსონი (45+2), ჯინჯოლავა (60), გუსტავსონი (62), ქობულაძე (79), ნილსენი (90+1), ქარდავა (90+3)
მთავარი მსაჯი: ლოთარ დონდტი (ბელგია).
ლაშა თაბაგარი





