თბილისის “იბერიას” მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე უეფას კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შინ შვედეთის “მიალბიუსთან” 1:1 დასრულებული შეხვედრით უკმაყოფილო დარჩა. მან ამის შესახებ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მეკარე გიორგი მაკარიძეც დაესწრო.
ლევან კორღალიძე: “გულდასაწყვეტია, რომ თითქმის ბოლო წუთამდე ვიგებდით. სამწუხაროდ, უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. დღეს ვიბრძოლეთ და მომენტები შევქმენით. ამ ერთი ქულით 2028/29 წლების სეზონისთვის საქართველოს ევროთასებზე კვლავ 4 გუნდით გამოსვლის უფლება დავუბრუნეთ. მადლობა გულშემატკივრებს, ვინც გვერდში გულწრფელად დაგვიდგა.
მჭიდრო გრაფიკს ვაბრალებ, რომ გატანილი გოლის შემდეგ ვეღარ შევუტიეთ. ამ დროს შენ ფიქრობ, რომ არ გაუშვა, მეტოქე კი ცდილობს, შემოგიტიოს და გაგიტანოს. თუმცა, ეს არ იყო ჩემი დავალება. “მიალბიუ” კარგი გუნდია და მასთან ბოლო წუთებზე “პირველ ნომრად” ვერ ვითამაშებდით.
სიმართლე გითხრათ, გასახდელში რომ შევედი, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ამ ქულით გახარებული არ ვარ. ვახსენე, რა იყო დადებითი და რა იყო უარყოფითი. სახლში რომ წავალ, ამ ქულით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები. შემდეგ თამაშებიც გეგმა უცვლელი იქნება. გავიდეთ, ვიბრძოლოთ და საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოვაჩინოთ.
გოლის შემდეგ შეტევაში მეც მეტი აგრესია და მეტი აქტიურობა მინდა. მაგრამ ამის მიღწევას დრო უნდა. ასე უცებ ძნელია გუნდში ჩემი იდეები დავნერგო. დიდი იმედი მაქვს, შემდეგ თამაშებში უკეთესები ვიქნებით. ამავე დროს, თამაშობ ისე, რის საშუალებასაც მეტოქე გაძლევს.
“სენტ ტრუიდენს” კარგი დრო არ ედგა, მაგრამ გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე და მგონია, რომ მეორე გოლში თავიანთი წვლილი მათაც შეიტანეს. მგონია, რომ 1:0-ზე სწორედ ეს დაგვაკლდა. ფეხბურთს ხალხი გათამაშებს. ეტყობა, წვიმამაც თავისი გავლენა იქონია. მაგრამ ვინც მოვიდა, ყველას მადლობა”.
გიორგი მაკარიძე: “‘მოსაგებად გავედით. გოლის შემდეგ ნელ-ნელა მაინც უკან დახევა მოგვიწია. ვერ ვიტყვი, რომ მოსაგები მატჩი არ იყო, თუმცა გამოცდილება დაგავკლდა და ბოლო წუთზე დასანანი გოლი გავუშვით.
რომ მოგვეგო, ეს მოგერიება უფრო დასამახსოვრებელი გახდებოდა. “ლარნესთან” თამაში ქომაგებმა მოგვაგებინეს, 1:1 იყო ანგარიში და იქ გულშემატკივრებმა საოცარი როლი შეასრულეს. ძალიან მაგარი მუხტი და შეძახილები იყო. 70-80 პროცენტი მაინც რომ მოსულიყო, ალბათ, მოვიგებდით. მადლობა ყველა ქომაგს, ვინც მოვიდა”.





