ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე წრეში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. 29-ე ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრაში შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი გუნდის გორში ადგილობრივ „დილას“ დაუპირისპირდა და 1:0 აჯობა.
თამაშში ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა გიორგი არაბიძემ მარჯვნიდან ცენტრისკენ შეიწია და მისი დარტყმული ბურთი ირაკლი ბუღრიძეს მოხვდა, რის შემდეგ, გორელთა კარში აღმოჩნდა.
56-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი არაბიძე თავის საჯარიმოში ზურაბ თევზაძემ წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ვერდიძემ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა. არაბიძემ თერთმეტმეტრიანი თავად შეასრულა და უკრაინელმა მეკარე ევგენი კუჩერენკომ მისგან მარცხენა კუთხეში წასული ბურთი ნახტომში მოიგერია.
„ტორპედომ“ 45 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ირაკლი მოდებაძის გაწვრთნილი „დილა“ 44 ქულით მეხუთეა.
დილა 0:1 ტორპედო
ლაშა თაბაგარი





