დავითაშვილი დამარცხდა, ზივზივაძე შეცვლაზე, ჩაკვეტაძე სკამზე

0
66

„ბორდოსთვის“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა. ჟირონდელების თავის მოედანზე გათამაშების ლიდერ „ლავალს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ჩოკოუნტემ გაიტანა. „ბორდო“, როელიც მიმდინარე სეზონში ძალიან არასტაბილურია, 11 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „მაგდებურგს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. „კარსლრუე“ 9 ქულით 18 გუნდში მეცამეტეა.
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-11 ტურში „უოტფორდი“ „კარდიფ სიტის“ ეწვია და ქულა აიღო – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც წინა ტურში სასტარტოში ითამაშა, ამჯერად თადარიგში ყოფნით შემოიფრგლა. „უოტფორდი“ 10 ქულით 24 გუნდში მეოცეა.
ლაშა თაბაგარი